გიგა ბოკერია - გვინდა სისტემა, რომლითაც უკონტროლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა არც ერთ პარტიას არ ექნება
ჩვენ გვინდა სისტემა, სადაც არც ერთ პარტიას მომავალში, არამარტო ივანიშვილის სამარცხვინო გუნდს, არამედ ნებისმიერს, უკეთესს აღარ ექნება შანსი, რომ მესამედით ან მესამედზე ნაკლებით მოიპოვოს უმრავლესობა, ან ნახევრით მოიპოვოს უკონტროლო საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენელთა შეთავაზება 100/50-ზე კომპრომისი არ არის.
„100/50- ზე მათემატიკაა. შეგვიძლია, დავითვალოთ. ამის შესაძლებლობას იძლევა, მორჩა, ამიტომ ეგ არ არის კომპრომისი. კომპრომისი არის ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ – არ არის სრულად პროპორციული, მაგრამ არის არსებითად პროპორციული. ჯერ საერთოდ ამბობდნენ, მოლაპარაკებებზე დაჯდომა არ არის საჭიროო. მერე დასხდნენ და თქვეს, რომ კონსტიტუციის გადახედვის არანაირი შანსი არ არისო, დავივიწყოთო. შემდეგ განაცხადეს, არანაირი შემოთავაზება არც გვჭირდება, რომ მოვიტანოთო, თქვენ უნდა მოიფიქროთო. მერე მოიფიქრეს საკონსტიტუციო ცვლილებიანი შემოთავაზება. საკონსტიტუციო ცვლილება თუ მოხდება, ბევრნაირი მოდელის მიღება შეიძლება, მათ შორის ისეთის, სადაც მაჟორიტარები იქნებიან მთლიანად. კლასიკური გერმანული მოდელით მაჟორიტარები საერთოდ არ ზიანდებიან, ყველა რჩება, საერთო ჯამში მაინც პროპორციული შედეგი დგება, ამიტომ ეს არის სიცრუე და უტიფრობა და ეს არის ილუზია მათი, რომ დღევანდელი მოდელით ან 100/50-ით, 30%-იანი მხარდაჭერით ან 35%-იანი მხარდაჭერით, რაც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო პირველ ტურში, ცოტა ნაკლები, შეინარჩუნებენ ძალაუფლებას. ვერ შეინარჩუნებენ“, – განაცხადა ბოკერიამ.