გიგა ბოკერია - გუშინდელი ნაბიჯები არის პოლიტიკური რეპრესიისა და დევნის მაგალითი
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
როგორც პარტიის წარმომადგენლებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. ბრიფინგზე ვიდეკოლაჟიც წარადგინეს, სადაც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დაპირისპირების დროს მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავების მიმართ ძალადობა ჩანს, თუმცა მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.
„მინდა, წარვადგინო კადრები, რაც გუშინ გავრცელდა და ასევე ჩვენს მიერ გაკეთებული ვიდეოკოლაჟი, „ქართული ოცნების“ მოღვაწეობის დროს მომხდარი ინციდენტების მცირე ნაწილი, სადაც ჩანს ძალადობა პოლიციელებზე, ამ შემთხვევებში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან მათი ღია სატელიტი ძალები, მაგალითად, „ქართული მარში“, ვასაძის ჯგუფი და სხვანი, ან ჩვეულებრივი მოქალაქეები. შეიძლება, დავინახოთ რამხელა განსხვავებაა იმ კადრებს, რაზეც ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს და ამ კოლაჟში მოქცეულ კადრებს შორის. თუკი იყო ამ სხვა შემთხვევებში დაკავება, იყო ადმინისტრაციული, ერთდღიანი, უმრავლეს შემთხვევებში, საერთოდ არ ყოფილა სანქცია გატარებული. ამიტომ ვფიქრობთ, გუშინდელი ნაბიჯები არის მაგალითი პოლიტიკური რეპრესიისა და დევნის და პოლიტიკური დაკვეთის შესრულების. აქ მნიშვნელობა არ აქვს ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, ვინ როგორ აფასებს. ჩემი პირადი დამოკიდებულება ცნობილია მის მიმართ, მაგრამ ეს არ ცვლის მთავარ პრობლემას. ჩვენს ქვეყანაში მთელი ეს წლები ივანიშვილის გუნდისთვის არასდროს იყო კანონი უზენაესი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დეპუტატის თქმით, არსებობენ მათი ხალხი, ვისთვისაც შეიძლება ძალადობა და მათი ოპონენტები, რომელთათვისაც ეძებენ საბაბს, ზოგ შემთხვევაში, პოულობენ სისხლის სამართლებრივ დევნას.
„ყველას კარგად გვესმის, ეს ნაბიჯები ივანიშვილის მხრიდან, ისე როგორც ხაზარაძის წინააღმდეგ, არის ძალის დემონსტრირება, იმ უმძიმესი ღამის შემდეგ, რაც მან მიიღო „გავრილოვის ღამეს“ და ზოგადად, მისი პოლიტიკის შედეგად. ახლა ცდილობს ამით კომპენსირებას. ეს არის სახიფათო ნაბიჯები ქვეყნისთვის, დემოკრატიული კლიმატისთვის და სტაბილურობისთვის, მაგრამ ეს ნაბიჯები ივანიშვილს ვერ უშველის შემდეგ არჩევნებზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.