გიგა ბოკერია გრიგოლ ვაშაძეს კითხვით მიმართავს, დაუჭერს თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურში
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გრიგოლ ვაშაძეს კითხვით მიმართავს, დაუჭერს თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს მეორე ტურში. ამის შესახებ გიგა ბოკერიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მე მინდა, ახლა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს და ველი მათგან პასუხს, როდესაც დათო ბაქრაძე გავა მეორე ტურში, დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მას მხარს. ვაშაძისგან მკაფიო პასუხს ველოდებით და არ მივიღებთ მისგან პასუხს, რომ მე ვიქნები მეორე ტურში, ის არ იქნება მეორე ტურში, მეორე ტურში იქნება დათო ბაქრაძე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მან უნდა გაგვცეს პასუხი, დაუჭერს თუ არა ღიად მხარს დათო ბაქრაძეს. ნებისმიერი პასუხი გარდა მკაფიო პასუხისა, იქნება მიღებული როგორც შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევა გრიგოლ ვაშაძისა და მისი გუნდის მხრიდან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ფუნდამენტურ საკითხებზე ბევრი განსხვავება გამოიკვეთა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის.
„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შორის დღეს დიდი პოლიტიკური განსხვავებაა და ძალიან ცოტა გვაქვს საერთო, განსაკუთრებით შიდა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და კანდიდატი ერთგული ვრჩებით იმ შეთანხმების, რომელსაც მივაღწიეთ „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან.