გიგა ბოკერია ერთიან საარჩევნო სიაზე მიხეილ სააკაშვილის იდეას უდროო ინიციატივას უწოდებს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უდროოს უწოდებს ერთიან საარჩევნო სიაზე ოპოზიციური პარტიების მიმართ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას.
ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეთავაზება არ გახდება მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის საბაბი.
„პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს. ეს არის მათი ამოცანა და ის არ გამოხატავს რეალობას, რადგან ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, ამომრჩევლის წარმოდგენები და პოზიციაც არის მრავალფეროვანი. ამიტომ, არ უნდა შევუწყოთ ხელი ივანიშვილს ამ ამოცანაში. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, მაჟორიტარებზე კოორდინირებასა და ცალ-ცალკე გამოსვლას, სწორედ ორივე ამ ამოცანას პასუხობს. ამომრჩეველს ექნება საშუალება, ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც მის იდეებს ქადაგებს. მეორე მხრივ, პირველივე ტურში დავამარცხებთ ივანიშვილს. დიდი იმედი მაქვს, ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის საბაბად. თბილისში ამ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ერთიანი საარჩევნო სიის იდეა არც კი განიხილება სერიოზულად არც ერთი სერიოზული პარტიის მიერ.
„ვიღაცამ ისროლა იდეა. ეს იდეა არც კი განიხილება სერიოზულად არც ერთი სერიოზული პარტიის მიერ. საფრთხე არის ორპოლუსიანად დახატვაში დახმარება ივანიშვილისთვის, ეს არ მოხდება. 2019 წლის მეორე ტური არ განმეორდება. იმედი მაქვს, რომ არც ერთი ძალა ამ უდროო იდეას არ გამოიყენებს საბაბად, რომ ის შეთანხმება, რომელიც ახლოს არის მიღწევასთან, თბილისში პირველ რიგში და რომელიც ამცირებს ქვეყნისთვის რისკებს და პირველივე ტურში დაამარცხებს ივანიშვილს, ჩააგდოს ან საფრთხე შეუქმნას.
უგულავამ თქვა, რომ თავის დროზე განიხილებოდა ეს ამბავი, მაგრამ აღარ განიხილება, არც ერთ შემთხვევაში. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაშიც მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება სტრატეგიული საკითხი“, – განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს.