გიგა ბოკერია - ე.წ. გერმანული მოდელი ადაპტირებულია კონსტიტუციასთან და ხვალინდელ შეხვედრაზე ამ საკითხს დავაყენებთ
ე.წ. გერმანული მოდელი ადაპტირებულია კონსტიტუციასთან და შესაბამისად ხვალინდელ შეხვედრაზე ამ საკითხს დავაყენებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.
„პარტნიორების თანდასწრებით შევეცდებით ხელისუფლებას ავუხსნათ, როგორ წაიღოს უკან ის შეურაცხყოფა, რომელიც ქართულ საზოგადოებას მიაყენეს გავრილოვის ღამის შემდეგ. შედეგი იქნება, როცა ამას მიაღწევს საზოგადოება და როცა უკან წაიღებს თავის შეურაცხყოფას ივანიშვილი. იქამდე ყველა ნაბიჯს, რომელიც ამას შეუწყობს ხელს მივესალმებით. ორი დღის წინ იძახდნენ საერთოდ არაფერზე არ უნდა იყოს ლაპარაკიო, ახლა თქვეს, რომ ვილაპარაკოთო, კი ბატონო. იმ წინადადებით მივდივართ, რასაც მთელი ოპოზიცია უჭერს მხარს ე.წ. გერმანულ მოდელზე აგებული მოდელი, რომელიც ჩვენს კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაშია“, – განაცხადა ბოკერიამ.
ხვალ, დღის პირველ ნახევარში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელი იქნება.