გიგა ბოკერია - დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, მშვიდობიანიც და არამშვიდობიანიც
დიქტატურასთან შეგუება არის კატასტროფა, რევოლუცია არის ძალიან სარისკო ქვეყნისთვის, მშვიდობიანიც და მით უმეტეს არამშვიდობიანიც, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, სწორედ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ვადამდელი არჩევნები.
„ეს არის სწორედ გამოსავალი, რათა ავიცილოთ თავიდან ერთი მხრივ, კატასტროფული საფრთხე დიქტატურის სტაგნაციის და მეორე მხრივ, რისკები ნებისმიერი სახის რევოლუციისა. ამიტომ გვინდა სწორედ ვადამდელი, ნორმალური არჩევნებიმთელი ეს ნარატივი, რომ აქციები, რაღაცა ქუჩა არ გვინდა, ასე ვინც ლაპარაკობს, გულწრფელად ვერ ერკვევა იმაში, რას ნიშნავს თავისუფალი საზოგადოება ან უბრალოდ დავალებას ასრულებს ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის. ამ შემთხვევაში ბევრად უფრო ღრმა კრიზისზე ლაპარაკი და არა ჩვეულებრივ აქციებზე. როდესაც საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს განცდა, რომ არც ერთ ინსტიტუტს არ ენდობა ხელისუფლების და აქვს განცდა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, თუ ამ განცდას უქმნი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს განცდა მოიხსნას. ამ განცდის მოხსნას სჭირდება ახალი, ნორმალური არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის ის, რაც საქართველოს სჭირდება დღეს და ყველას საქართველოში, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ და მთელი საზოგადოების ამოცანაა, ივანიშვილის მხრიდან ავტორიტარიზმის გამყარების არდაშვება და რევოლუციური სცენარების თავიდან აცილება, რისთვისაც საჭიროა ვადამდელი არჩევნები.
ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს და აღნიშნა, რომ ამ პროცესს ხელს უშლის მმართველი გუნდის პოზიცია.
„მოლაპარაკებებს ხელს უშლის ივანიშვილის რეჟიმის პოზიცია, რომელიც ჯერჯერობით შეგუებული არ არის იმას, რომ ვადამდელი, ნორმალური არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება არის ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან, რომელიც თავად შექმნეს. ეს არის ბარიერი. როგორც კი გონს მოვლენ, რომ ამისკენ სვლა დავიწყოთ, ეს იქნება რეალური ბიძგი. კარლ ჰარცელი და ყველა დიპლომატი არიან ფასილიტატორები და გვეხმარებიან ამ პროცესში.
შეიძლება ამ ფაზაში ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან იყოს მოლაპარაკებების კარის დახურვის მუქარის მცდელობა და ეს ცუდი იქნება, ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება, მაგრამ მოვა მომენტი, როცა მოუწევთ ისევ დაბრუნება მოლპარაკებების მაგიდასთან, რათა განიმუხტოს ივანიშვილის მიერ შექმნილი კრიზისი“, – განაცხადა ბოკერიამ.