გიგა ბოკერია - ჩვენთვის არსებითია, რომ პრინციპულად პროპორციულობისკენ შეიცვალოს სისტემა, თუმცა ოპოზიცია ცუდი სცენარისთვისაც ემზადება
ხელისუფლების შემოთავაზება 100/50-ზე არ პასუხობს საზოგადოების დაკვეთას, რადგან არ ცვლის თამაშის ფუნდამენტურ წესებს, რადგან ეს ნებისმიერ გულისხმობს, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც 10 ამომრჩევლიდან 3-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, უტოვებს შანსს, რომ პარლამენტში უმრაველსობით მოვიდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ ივანიშვილი ხალხს დაპირდა პროპორციულ არჩევნებს, მერე გადათქვა და ახლაც იმავეს იმეორებენ.
„თუ მოეგებიან გონს თებერვლის ბოლომდე და ამ შეურაცხყოფას უკან წაიღებენ, ეს არის კარგი ქვეყნისთვის, პერსონალურად ივანიშვილისათვის და მისი გარემოცვისთვის. ჩვენ შეთავაზებული გვაქვს რამდენიმე მოქნილი მოდელი. ჩვენთვის არსებითია, რომ პრინციპულად პროპორციულობისკენ შეიცვალოს სისტემა. რაღაც პერიოდია, ჩვენ ცუდი სცენარისთვისაც ვემზადებით. მოხდება ოპოზიციის კანდიდატების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ეს საჭირო იქნება პირველივე ტურში მოსაგებად, რათა ტრიუკი, რომელიც დაკავშირებული ძალადობასთან, მოსყიდვასთან, იყოს შეუძლებელი. შეუძლებელი იყოს წარმოჩენა ამ არჩევნების, როგორც ორ პოლიტიკურ ძალას შორის არჩევანის, რითაც ამომრჩევლის ნაწილს დატოვებს ან სახლში, ან ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური შიშებით გადაიბირებს. ეს აღარ მოხდება, რადგან მოხდება კოორდინირება იმ ოლქებში, სადაც ეს საჭიროა. იმ შემთხვევაში, თუ ამ სისტემას შეინარჩუნებს ივანიშვილი და ამ წნეხს საზოგადოებისგან თავისი ჭკუით გაუძლებს, მისთვის იქნება პოლიტიკურად ტრაგიკული. ჩვენ ამ ცუდი სცენარისთვისაც ვემზადებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.