გიგა ბოკერია - ჩვენს პოზიციას არ ცვლის ის ფაქტი, რომელიმე ლიდერი ან პარტია როდის განაცხადებს დოკუმენტზე თანხმობას, ჩვენ რეალობას თვალს ვუსწორებთ
გიგა ბოკერია - ჩვენს პოზიციას არ ცვლის ის ფაქტი, რომელიმე ლიდერი ან პარტია როდის განაცხადებს დოკუმენტზე თანხმობას, ჩვენ რეალობას თვალს ვუსწორებთ

ჩვენს პოზიციას არ ცვლის ის ფაქტი, რომელიმე ლიდერი ან პარტია როდის განაცხადებს დოკუმენტზე თანხმობას, ჩვენ რეალობას თვალს ვუსწორებთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, შეთანხმების საბოლოო დოკუმენტს გარდატეხა უნდა მოეხდინა, თუმცა მისი პირობები არალოგიკური და აუხსნელია.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია, ამ შეთანხმებას უნდა მოეხდინა გარდატეხა. ის ფორმულა, რაც შემოთავაზებულია არჩევნებთან დაკავშირებით, იყო არალეგიტიმური, არალოგიკური და აუხსნელი, ან ძალიან რთულად ახსნადი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ცალკე ამბავია 43 პროცენტი, ლოგიკა ნულოვანია. 57-ის საწინააღმდეგოდ 43 რატომ უნდა წყვეტდეს, მაგრამ თვითონ ეს ტესტი არასწორია. მეორე გაურკვევლობა რაც მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში უნდა გარკვეულიყო, ეხება პოლიტპატირების საკითხს. მელიაც და რურუაც ჯერჯერობით ციხეში არიან და „ქართული ოცნება“ აკეთებს განცხადებებს, რომ ეს ხალხი რომც გამოვუშვათ, ყველა სხვა საქმეზე პოლიტიკურ დევნას გავაგრძელებთო, თვითონ სამართლებრივ დევნას ეძახიან. ანუ ამბობენ, ვიტოვებთ უფლებას, სხვები დავიჭიროთ, როცა საქმისთვის საჭირო იქნებაო. მთელი ეს კონტექსტი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის არასახარბიელოა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩვენი პოზიცია. ამ პოზიციას არ ცვლის რომელიმე ლიდერი ან რომელიმე პოლიტიკური პარტია როდის განაცხადებს თანხმობას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, ეს პოზიცია არსებობს, ჩვენ რეალობას თვალს ვუსწორებთ.

ოპოზიციის 90 პროცენტი თუ წყვეტს ბოიკოტს, ეფექტური ბოიკოტი აღარ იარსებებს, ეს რეალობა იქნება, ოღონდ ამით ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, პარტია დანარჩენ ოპოზიციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, ვინ არის სანდრო პარტნიორი და ვინ – არა.

„მიუხედავად ჩვენ შორის არსებული განსხვავებისა, ოპოზიციაში ყველა ჩვენს პარტნიორთან ვიკონტაქტებთ ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე, იმ ამოცანებისთვის, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენს ქვეყანას არ აქვს შანსი, ამ უმძიმესი ეკონომიკური, ჯანდაცვის და მორალური კრიზისიდან გამოვიდეს, ივანიშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან მშვიდობიანად ჩამოცილების გარეშე. ეს ეროვნული ამოცანაა და ამისთვის ვითანამშრომლებთ, უბრალოდ გავითვალისწინებთ, ვინ არის სანდრო პარტნიორი და ვინ – არა“, – განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, დაესწრება თუ არა „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შარლ მიშელისა და ოპოზიციის შეხევედრას, ბოკერიამ უპასუხა, რომ პარტია შეთანხმების ნაწილი არ არის და შეხვედრაზე არ იქნება.

„არ ვართ ამ შეთანხმების ნაწილი და როგორ ვიქნებით მაგ შეხვედრაზე. მე ყოველგვარი ზედმეტი ან ყალბი თავმდაბლობის გარეშე გითხარით, ოპოზიციის ამ ჯგუფის პოზიციას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემი აზრით, შეცდომა დაუშვა“, – აღნიშნა მან.

მისი შეფასებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კრიზისი არ განმუხტულა.

„სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის კრიზისის განმუხტვა დაწყებული არ არის. პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება ფაქტორი, მაგრამ არა საკმარისი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მელია და რურუა ციხეში იმის გამო აღმოჩნდნენ, რომ ივანიშვილს აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნება უნდოდა. ამ ადამიანების გათავისუფლებას, რაც პრინციპული საკითხია ჩვენთვის, მათთან მიმართებაში კარგი შედეგი ექნება, მაგრამ ამის ფასად იმ სტატუს-კვოს ძალაში დატოვება, რის გამოც დაიჭირეს, არ არის ქვეყნისთვის კარგი“, – განაცხადა ბოკერიამ.