გიგა ბოკერია - ჩვენი პოზიცია არის მყარი, არ შეიცვლება არც ბოიკოტთან და არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით
„ევროპული საქართველოს“ პოზიციაში არაფერი იცვლება, ჩვენი პოზიცია არის მყარი და არც შეიცვლება – არც ბოიკოტთან, არც ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საყურადღებო იყო ის გზავნილი, რაც ვიზიტისას ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, რა თემა იყო მისთვის მთავარი წუხილის საგანი.
„რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბრიფინგს, არჩევნებთან დაკავშირებული ვითარება ძალიან მძიმედ არის აღწერილი, საქართველოს დემოკრატიისა და მომავლისთვის ის უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ტაქტიკურად რა გზა მიაჩნია ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის რომელიმე სპიკერს, სახელმწიფო დეპარტამენტს სწორად, ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ადგილზე იღებს ქართული საზოგადოება და ოპოზიცია. ასე არ დგას საკითხი, ეს გზა უფრო სწორია, თუ მეორე. პრობლემა გვაქვს ძალიან მძიმე. როგორც არის აღწერილი არჩევნები ამ მოკლე კომენტარებშიც კი, დიახ გამოხატავს იმ მძიმე ვითარებას, რაც ივანიშვილმა შექმნა და როგორ კრიზისშიც შეიყვანა ქვეყანა. ამ კრიზისიდან გამოყვანა ვერ მოხდება ახალი არჩევნების გარეშე. არანორმალური ვითარებაა პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა და ყველა მეგობრისთვის, ვინც საქართველოს უყურებს იმედით, ასე უყურებს ვითარებას. ვითარება კიდევ უფრო მძიმეა ადგილზე, სწორედ ამიტომ არის ეს ცუდი არჩევანი, სწორი არჩევანი ამ ვითარებაში“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, დღეს ქართულ საზოგადოებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქვეყნის ჩიხში შეყვანის შემდეგ რეაგირებს ამ კრიზისზე, ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევანი, როცა საქმე შეეხება პარლამენტს.
„ევროპული საქართველო“ ყოველთვის მომხრე ვიყავით დემოკრატიულ ინსტიტუტებში მონაწილეობის, იმისდა მიუხედავად, რამდენად მძიმე ვითარება იყო. როდესაც ეს იმ ზღვარს სცდება, როცა არჩევნებს აზრს აკარგვინებს ოლიგარქი და მისი სამარცხვინო პოლიტიკური არარაობების გუნდი და მისი პროპაგანდის ორგანოები, ამ დროს აუცილებელია ასეთი ნაბიჯი“,- განაცხადა ბოკერიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ბრიფინგზე, სადაც დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე ისაუბრეს, აღინიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მოუწოდებს ოპოზიციას, შევიდეს პარლამენტში, გაატარონ ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი.
„საკონსტიტუციო ცვლილებებმა მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა, პარლამენტში წარმოდგენილია ცხრა პარტია, რომლებიც გაცილებით მრავალფეროვან შეხედულებებს წარმოაჩენენ“, – აღნიშნეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.