გიგა ბოკერია - ჩვენი ეროვნული ამოცანაა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ქვეყნისთვის ეს საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას
ჩვენი ეროვნული ამოცანაა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ქვეყნის მომავლისთვის ეს საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
15 მაისის მთავარ აქციამდე, რეგიონებში სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიება იქნება.
„ევროპული საქართველო“ უერთდება 15 მაისის აქციას, მაგრამ იქამდე ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონებში შეხვედრები და აქციები. უამრავი სპონტანური აქცია შეიძლება იყოს იქამდე, მათ შორის თბილისშიც არ არის გამორიცხული, მაგრამ შემაჯამებელი აქცია იქნება 15 მაისს თბილისში. ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი არ ექვემდებარება საკუთარი საზოგადოების და თავისუფალი სამყაროს ზეწოლას. ივანიშვილის რეჟიმს არ აქვს შეგნებული, რომ ვერ მოხდება ამ ვითარების შენარჩუნება, როცა მოპარული არჩევნებით, რეპრესიებით და პოლიტპატიმრებით უზურპირებულია ძალაუფლება. ივანიშვილისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად და ეს ფასი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის არის ძალიან მძიმე.
ჩვენი ეროვნული ამოცანაა ჯერ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები იყვნენ თავისუფალი და მერე ამ ნორმალური ვადამდელი არჩევნების შედეგად, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ეს საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას და დავიწყოთ არსებული კრიზისიდან გამოსვლა.
იმ მოქალაქეებს, ვისაც ესმის, რომ ახლა მნიშვნელოვანია პროტესტის გამოთქმა მშვიდობიანად იმ დროით, იმ დოზით, ვისაც როგორ შეუძლია, ვეპატიჟებით და მოვუწოდებთ, მიიღოს მონაწილეობა ყველა ამ მშვიდობიან აქციაში და საბოლოოდ 15 მაისის აქციაში თბილისში, აქ, რუსთაველზე“, – განაცხადა ბოკერიამ.