გიგა ბოკერია - „ქართულ ოცნებას“ არასდროს არაფერი აერთიანებდა პოლიტიკური მრწამსის თვალსაზრისით
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებს პოლიტიკური მრწამსის თვალსაზრისით არასდროს არაფერი აერთიანებდათ.
როგორც მან გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობის დატოვების საკითხის შეფასებისას განაცხადა, ამაში მოულოდნელი არაფერია და დროთა განმავლობაში, მსგავსი პროცესები შესაძლოა, გაღრმავდეს.
„ჩვენთვის მოულოდნელი ამაში არაფერი არ არის. ამ ადამიანებს არასდროს არაფერი არ აერთიანებდათ პოლიტიკური მრწამსის თვალსაზრისით. ამიტომ, ამ ტიპის პროცესები მოსალოდნელია ხოლმე. რაც დრო გავა, ეს პროცესები შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.
ამასთან, მისი თქმით, მთავარი ამოცანაა საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების არჩევნების გზით შესაცვლელად.
„ჩვენი ამოცანა არ არის იმის ლოდინი, როდის იქნება უფრო ღრმა კრიზისი ივანიშვილის გუნდში იმის გამო, რომ მათ არანაირი პოლიტიკური მრწამსი არ აერთიანებთ. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების მობილიზება მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად ამ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.