გიგა ბოკერია - ჩვენ უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერა, ასევე, საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილის მომხრე ვართ
ჩვენ უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერა. ასევე, საბურთალოზე პოზიციების შეჯერების მომხრე ვართ, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრების დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი შეკრების მიზანია, თბილისის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა.
„ჩვენ უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ ზურაბ ჯაფარიძის მხარდაჭერა. ასევე, საბურთალოზე პოზიციების შეჯერების მომხრე ვართ, მათ შორის, ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი სხვა კანდიდატურა არ გამიგია და ამისთვის ვართ ახლა აქ შეკრებილი, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ, დავხუროთ და თბილისთან დაკავშირებით ვითარება აბსოლუტურად გარკვეული იყოს“, – განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გარკვეულ საარჩევნო ოლქებში რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე წარადგინა მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი, ბოკერიამ უპასუხა, რომ ეს პარტიები ოპოზიციურ შეთანხმებაში ისედაც არ მონაწილეობდნენ.
„არც ალეკო ელისაშვილი და არც „ლელო“ ამ შეთანხმებაში თავიდანვე არ მონაწილეობდნენ. ამიტომ ბუნებრივია, რომელი პოლიტიკური ძალებიც მოახერხებენ შეჯერებას რომელიმე კანდიდატთან დაკავშირებით, მათი იქნება ეს შეთანხმება.
მე ყველა შემთხვევაში ვთვლი, რომ თბილისის იმ ოლქებთან მიმართებაში, სადაც პირველ ტურში მოვიგებთ, რაც შეიძლება მეტი პარტიის შეჯერება და ივანიშვილის ნევროზული რეაქციისგან რისკების დაზღვევა არის პრაგმატულად სწორი. რაც შეეხება იმ ოლქებს, სადაც უფრო დაყოფილია ხმები, იქაც რამდენიმე პარტიის მხრიდან კანდიდატის მხარდაჭერის გამსხვილება არის სწორი ნაბიჯი და ამ საარჩევნო ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ძალების სწორი გადანაწილება“, – განაცხადა ბოკერიამ.