გიგა ბოკერია - ბუნებრივი რეაქციაა, რომ მმართველი გუნდის ყველა ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივას თავისუფალი სამყარო შეხვდება შეშფოთებით
ვიზიარებთ კარლ ჰარცელის შეშფოთებას „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, ბუნებრივი რეაქციაა, რომ მმართველი გუნდის ყველა ამ ტიპის ინიციატივას თავისუფალი სამყარო შეხვდება შეშფოთებით, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებას „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ოპონენტებისადმი რეგისტრაციის და დაფინანსების გაუქმების მუქარა პუტინის რუსეთის გზავნილია, რაზეც თავისუფალი სამყარო ყოველთვის რეაგირებს.
„ვიზიარებთ კარლ ჰარცელის შეფასებას და შეშფოთებას „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციის გაუქმების მუქარა და სადამსჯელო ინიციატივები იმის პასუხად, რომ არ მოგწონს ოპონენტის საქციელი, არის კანონის უზენაესობის საპირისპირო ამბავი და რუსეთისკენ მიმავალი გზა. ელჩის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით.
მანდატებზე უარი და სიის ჩახსნა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, მას არ აქვს საქართველოს უმრავლესობის მანდატი. ამიტომ, ტაქტიკურ საკითხებზე ჩვენ მეგობარ ელჩებთან შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ ღირებულებით საკითხებს რაც შეეხება, დიახ, აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქციაა, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ყველა ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივას თავისუფალი სამყარო შეხვდება შეშფოთებით. როცა ემუქრები ამ შემთხვევაში ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ სუბიექტს, მაგრამ რომც არ იყოს ყველაზე მსხვილი, რეგისტრაციის გაუქმებით და ფორმალურად ჩახსნით პოლიტიკური პროცესიდან, ეს არის პუტინის რუსეთის გზავნილი და სწორედ ამაზე რეაგირებს თავისუფალი სამყარო ყოველთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინციიატივები პარტიების გაუქმებასთან და დაფინანსების მოხსნასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.