გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლება აშშ-თან ურთიერთობაში ყველა შეცდომას გამოასწორებს
ამერიკის შეერთებული შტატები, მისი ხალხი და ხელისუფლება მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მხარს უჭერს, უბრალოდ, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა იქამდე მიიყვანა საქმე, დისკუსია დაიწყო სერიოზულად, რამდენად ჩიხშია პროცესი საქართველოში შესული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ პირობებში აუცილებელი გახდა გზავნილი შესწორების სახით, რომლის ინიცირებაც მოხდა საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით.
„თუ ასე მოხდა დახმარება შემცირდება ან შეწყდება. ეს არის პრობლემა. იმის ნაცვლად, რომ წინსვლას ველოდებოდეთ, თავისუფალი ვაჭრობა გვქონდეს, ნატო-ში წინსვლის ახალი ტალღა გვქონდეს, უსაფრთხოების სფეროში წავიდეთ კიდევ წინ, დისკუსია იმაზეა, რამდენად ჩიხშია სიტუაცია საქართველოში და როგორ უნდა გაგრძელდეს დახმარება. ეს პრობლემა ივანიშვილის რეჟიმის დამსახურებაა და მისი შეცვლის შემდეგ ახალი ხელისუფლება ყველა ამ შეცდომას გამოასწორებს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს 2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი (NDAA) დაამტკიცა, რომელშიც აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა (SEC. 1244. SENSE OF CONGRESS ON SUPPORT FOR GEORGIA). საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში. სამინიტროს ცნობით, როგორც ევროპული უსაფრთხოების ნაწილი, საქართველო მოაზრებულია, როგორც აშშ-ის ფასეული პარტნიორი.