საგარეო უწყება - 2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში საქართველო მოაზრებულია, როგორც აშშ-ის ფასეული პარტნიორი
საგარეო უწყება - 2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტში საქართველო მოაზრებულია, როგორც აშშ-ის ფასეული პარტნიორი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 21 ივლისს 2021 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი (NDAA) დაამტკიცა, რომელშიც აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა (SEC. 1244. SENSE OF CONGRESS ON SUPPORT FOR GEORGIA), რაც მიანიშნებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც ევროპული უსაფრთხოების ნაწილი, საქართველო მოაზრებულია, როგორც აშშ-ის ფასეული პარტნიორი.

„დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისადმი ერთგულებას. კონკრეტულად კი, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. ასევე, ხაზს უსვამს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და შეკავების გაძლიერებისთვის, ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობებით საქართველოს დახმარებისა და რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას.

აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, დოკუმენტის თანახმად, წარმომადგენელთა პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მზადყოფნის ხელშეწყობას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ჩართულობის გაძლიერებას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ დოკუმენტის მიხედვით, აქტის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, ევალება კონგრესს მიაწოდოს ანგარიში საქართველოში (ასევე, უკრაინაში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში) იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია აღნიშნული ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ძალების მიერ მოკლულ პირთა რაოდენობის შესახებ. ასევე, აქტის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, აშშ-ის შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ევალება კონგრესს მიაწოდოს ანგარიში, რომელიც, მათ შორის შეიცავს ინფორმაციას აშშ-ის მიერ ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის ეკონომიკური ან მსგავსი სახის სხვა დახმარების შესახებ. ასევე, წინამდებარე კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს ანგარიში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და ყველა იმ მიმართულებით, რაც შეესაბამება ანგარიშის შინაარსს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები – აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, რუსული აგრესიის შეკავების კონტექსტში და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ტრადიციულად შენარჩუნებულია აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა ორი ქვეყნის ურთიერთობებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რაც გამყარებულია როგორც კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, ისე აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი