გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიგი უგულავა იყოს
ფაქტია, პროდასავლურ ფრონტზე ორი ქმედითი სტრუქტურის მქონე ძალაა – „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვისთან აპირებს თანამშრომლობას „ევროპული საქართველო“, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლობა კარგია და ამ ორი პარტიის – „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობის რეალური შანსი არის, რადგან ეს ქვეყანას სჭირდება.
„პირველი რეალისტური ამოცანა ისაა, რომ ეკონომიკურ თუ სხვა საკითხებზე სერიოზული განსხვავებისა და პერსონალური კონფლიქტების მიუხედავად, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის ხიდები არ დაიწვას და იყოს ისეთი ატმოსფერო, რომ როდესაც მეორე ტური დადგება და ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, მხარი იმ კანდიდატს დაუჭირონ, ვინც უპირატესობა მოიპოვა, ეს შეუძლებელი არ იყოს“, – განაცხადა ბოკერიამ.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არჩევნებზე ოპოზიციური ძალების საერთო კანდიდატზე შეჯერებას ლობირებს და შესაძლებელია თუ არა, ეს საერთო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იყოს, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საერთო კანდიდატზე შეჯერებას არ გამორიცხავს. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ფიგურის განხილვა ტექნიკურადაც და შინაარსობრივადაც აბსოლუტურად გამორიცხულია.
მისი თქმით, ის, რომ გიგი უგულავა საპარლამენტო მანდატისთვის ვანსა და ხონში იბრძოლებს, იმას არ ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დაყენების საკითხი გამოირიცხება.
ირაკლის აბსანძის შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გიორგი მარგველაშვილს, თუ მისი კანდიდატობის საკითხი დადგა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ მეორე ტურში ხელისუფლების კანდიდატურის წინააღმდეგ ყველა პროდასავლური ფიგურის, მათ შორის, გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერაც აბსოლუტურად შესაძლებელია.
„ბევრ საკითხში მისი პოზიციების ძალიან მწვავე მიუღებლობის მიუხედავად, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია. არ მგონია, ეს მოხდეს და მარგველაშვილი მეორე ტურში აღმოჩნდეს, მაგრამ თუ მეკითხებით, არის თუ არა მარგველაშვილი წითელი ხაზების მიღმა, დიახ, ის წითელი ხაზების მიღმაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.