გიგა ბოკერია - ახლა არის ისტორიული მომენტი, როცა შეიძლება, თავისუფალი სამყაროს გაფართოება მოხდეს
ახლა არის ისტორიული მომენტი, როცა შეიძლება, თავისუფალი სამყაროს გაფართოება მოხდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„საბოლოო ჯამში, მივესალმები იმას, რომ ფორმალური განაცხადი იქნა შეტანილი. სამწუხაროა, რომ ამას დასჭირდა ქუჩაში ათობით ათასი ადამიანის გამოსვლა და „ქართული ოცნებისგან“ იმის დანახვა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობა იყო უაღრესი შეშფოთება იმით, თუ როგორ პოზიციონირებდა „ქართული ოცნების“ გუნდი. მათ შორის ისეთებისიც, ვინც ქუჩაში არ გამოვიდა და მათ შორის, ისეთებისიც, ვინც მათ უჭერს მხარს, ხმა მისცა, ან ახლოს არის მათთან. ამ ფორმალური განაცხადით „ქართულმა ოცნებამ“ ამას გასცა პასუხი“, – განაცხადა ბოკერიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სწრაფად შეიძლება, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ უკვე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ განაცხადი განაცხადად არ დარჩეს და ქვეყანას წლობით არ მოუწიოს ლოდინი, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიისგან შორსაა, რაც ნატო-ს და ევროკავშირის წევრობასთან შეუთავსებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოების დამსახურებით და იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიღო, ამ ექსტრაორდინალურ ვითარებაში გვაქვს შანსი, ამ ფანჯარაში ფეხი შევდგათ.
„ოღონდ, ივანიშვილის და მისი გარემოცვის პირობებში ამ გზას ბოლომდე ვერ გავივლით, გამორიცხულია. ივანიშვილი, ღარიბაშვილი და სხვები ბუნებით შეუთავსებელია იმასთან, რასაც ლიბერალური დემოკრატია, ევრო-ატლანტიკური ღირებულებები და ასეთი სისტემა ჰქვია“, – განაცხადა ბოკერიამ.
„ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ თუ ახლა კანდიდატობის მიღების შანსი გავუშვით, ეს იქნება ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირი პოლიტიკური დანაშაული.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რაზეა დამოკიდებული ის, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ და წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს მთავრობის გამოცვლაზეა დამოკიდებული.
შეკითხვაზე, მაშინ რატომ კეთდება დადებითი შეფასებები მთავარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როცა იგივე აშშ-ის ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, შექმნილ ვითარებაში უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციონირება და საქართველოს ხელისუფლების გზავნილები მოიწონა, ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს სწორი გაგება უნდა.
„ანუ, ისინი ჩვენს ქვეყანას უჭერენ მხარს, ჩვენს დამოუკიდებლობას და უკრაინას. როცა იძახიან, ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველო უკრაინას მხარს უჭერსო, მოგიწოდებენ, რომ მხარი დაუჭირო. აბა, ახლა, ხომ არ დაგვგმობენ?!“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, როდესაც საქართველოსნაირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის მთავრობამ ომი თავიდან ვერ აიცილა, ამას ის კონოტაციაა აქვს, რომ ომის თავიდან ვერაცილება რაღაც ნაწილში უკრაინის მთავრობის ბრალია.
„როგორ შეიძლება, ეს სიტყვები თავში მოუვიდეს?! რატომ შეიძლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავში მოუვიდეს სიტყვები, რომ უკრაინისთვის უშიშროების სფეროში დახმარებას აზრი არ აქვს?! პრაქტიკულად ხომ ეს თქვა?! არც სანქციებს არ აქვს აზრი და დიპლომატიაა საჭიროო. ანუ, პუტინის ნაბიჯებს უნდა შევეგუოთო. დაახლოებით, ეს გზავნილია და საქართველოს შემთხვევაში ეს კატასტროფაა, როცა ასეთ გზავნილებს აკეთებ, მერე კი პროაქტიურად ხელს უშლი შენი ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის ექიმებს, რომლებიც თავისი ნებით მიდიან უკრაინაში, რათა პუტინს აჩვენონ, სად დგახარ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.