გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს
ბიძინა ივანიშვილის წასვლა მისი რაზმეულის დასუსტებაა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დროზე უნდა მოვიდეს გონს.
„მისმა კლოუნების გარემოცვამ უნდა იცოდეს, რომ თუ საქმე ცუდად წავა, იმ კაცთან ერთად გარისკავენ და ამ ქვეყანას კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებენ. იმ კაცს მეტი უკან დასახევი გზა აქვს, ვიდრე მათ. ამიტომ დროზე უნდა მოვიდნენ გონს“, – განაცხადა ბოკერიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იქნება მისთვის ინდიკატორი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლაც წავიდა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ეს იქნება პირველი ინდიკატორი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გარემოცვა შეეგუა ამომრჩეველთა ნებას.
„ხელისუფლების გადაბარებას ვგულისხმობ, რაც ამ ქვეყანაში ერთხელ უკვე მოხდა, რაც მან, როგორც გამარჯვებულმა ვერ შეირგო და არც ამ ქვეყანას შეარგო“, – განაცხადა ბოკერიამ.
მან ასევე კომენტარი გააკეთა „გირჩის“ განცხადებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ყველა თუ დაიჯერებს და რეალობა შეიცვლება, შესაძლოა, პარლამენტის ბოიკოტირების გეგმა შეიცვალოს. გიგა ბოკერიას თქმით, ამ ხალხზე მხოლოდ კომედი შოუში ისაუბრებს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, ყველა ადამიანი, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანაში არასაარჩევნო ცვლილება სარისკოა, ხოლო ავტორიტარიზმის ჭაობი კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.
„მათ შორის, ლეგიტიმური რევოლუცია, იანუკოვიჩს რაც მოუვიდა“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ლიბერალური დემოკრატიის ამოცანაა არჩევნების გზით, ცივილიზებულად შეიცვალოს ხელისუფლება, თუმცა ბოკერიამ აქვე დასძინა: „ამ შესაძლებლობის წართმევის შემთხვევაში ლეგიტიმური რევოლუცია“.
„ამ ორს შორის, რა თქმა უნდა, მირჩევნია, ხელისუფლებამ ამ უფლების წართმევა ვერ შეძლოს და ცვლილება არჩევნებით მოხდეს. ოღონდ, ამ ვაჭრობისას, იცი რა, მე ამას წაგართმევ, მაგრამ ნუ გარისკავთ იმას, რომ ქვეყანა დაზიანდესო, ივანიშვილის რეჟიმის ასეთ მძევლებად არ ვიქნებით “, – განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას თქმით, რეგულაციებით და მთავრობისგან ფეხზე დაკიდების შედეგად გაბრაზებული ადამიანები ქუჩაში გამოვლენ და ოპოზიცია ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
ქვეყანაში ორპოლუსიანობისა და დიპლომატების შეფასებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, გიგა ბოკერიამ დიპლომატებს მოუწოდა, შიდა კონიუნქტურაზე საუბრისგან თავი შეიკავონ.
„ზოგადად, დიპლომატებს ვურჩევდი, თავი შეიკავონ შიდა კონიუნქტურაზე საუბრისგან. ვსარგებლობ ეთერით და ამას ვამბობ საჯაროდ. ცუდად მთავრდება ხოლმე საერთო ამოცანებისთვის, თორემ განა უფლება არ აქვთ კანონით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.