გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უბარიერო პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად ერთჯერადად პარლამენტში შესვლა შეცდომა იქნება
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უბარიერო პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად ერთჯერადად პარლამენტში შესვლა შეცდომა იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უბარიერო პროპორციული სისტემის მხარდასაჭერად ერთჯერადად პარლამენტში შესვლა შეცდომა იქნება.

მისი თქმით, ცალკე აღებული მხოლოდ ამ კანონპროექტის მხარდაჭერა სიტუაციას ვერ შეცვლის და მას აზრი მხოლოდ სხვა ცვლილებებთან ერთიანობაში ექნება.

„იმედი მაქვს, რომ ეს არ არის გადაწყვეტილი. ვინმე ამას თუ გადაწყვეტს, შეცდომად მიმაჩნია. სისტემური ცვლილება რისკებს ან ცვლის, ან ამცირებს. ჩვენს შემთხვევაში, ოპოზიციის ერთიან წინადადებაში პროპორციული სისტემა და ბუნებრივი ბარიერი ამცირებს რისკებს და ზრდის შესაძლებლობას დემოკრატიისთვის. ამაზე ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს.

განა არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო რეგულაციებს და ადმინისტრაციაში ფუნდამენტურ ცვლილებებს, აქვს, განა არ აქვს მნიშვნელობა პროპორციული სისტემას და ბუნებრივ ბარიერს, ესეც ჩვენს მოთხოვნებშია და ეს მნიშვნელოვანია, ოღონდ ცალკე აღებული ვერ ცვლის ვითარებას. ტრადიცია თუ დამკვიდრდა, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, რა საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, არჩევნებს მოიპარავს, აზრი არ აქვს. გვაქვს მოთხოვნებში პროპორციული სისტემა დაბალი ბუნებრივი ბარიერით, ოღონდ ეს ყველაფერი არის პაკეტში“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების შეთავაზება, რომ პარტიებმა ნულიდან სამ პროცენტამდე ბარიერზე იმსჯელონ, ოპოზიციაში უთანხმოების შეტანის მცდელობაა.

„ამაში მათ გამოიყენეს პოლიტიკური სპექტრის უმცირესობა, რომლებმაც ხელი შეუწყეს პროპაგანდას, რომ იყოს დისკუსია ოპოზიციაში განხეთქილებასა და იმაზე, რომ პარტიების შეგუება მოხდება დღევანდელ სტატუს-კვოსთან. „რესპუბლიკელებს“ არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში”, – განაცხადა ბოკერიამ.

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.