გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს ძლიერი გუნდის ლიდერი და ჰქონდეს ხედვა, როგორ გამოიყვანს ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობიდან.
„პრემიერ-მინისტრს უნდა ჰქონდეს ხედვა ეკონომიკაში, როგორ დაწევს გადასახადებს, როგორ გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრებასა და წნეხს, განსაკუთრებით ამ გამოწვევის დროს, როგორ გადატეხავს სასამართლოში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენ ვერ მოვიშორეთ, როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა რომ დაგიხასიათოთ, როგორი უნდა იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს, გესმით ხომ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძის კანდიდატურას, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ამ კანდიდატს ვერ შეაფასებს.
„გიორგი ვაშაძის კანდიდატურას არანაირად არ შევაფასებ. ეს მათი საქმეა. ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ პრემიერობის კანდიდატს როცა წარვადგენთ, მაშინ შეგვეძლება ამაზე საუბარი. სხვა პარტიების და სხვა გაერთიანებების შიგნით მიმდინარე ამ ტიპის დისკუსიაზე ბუნებრივია, არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამასთან, კითხვაზე, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს თუ არა, ვის შესთავაზებთ პრემიერ-მინისტრად, ბოკერიამ უპასუხა, რომ კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება.
ბოკერია აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ და მათი პარტნიორების – „თავისუფალი დემოკრატების“ ამოცანაა, კოალიციაში სიმძიმის ცენტრი თავად იყვნენ.
„რაც შეეხება კანდიდატურებს და სახელებს – ყველა ცალკეულ პოლიტიკურ დაჯგუფებას ეყოლება თავისი ფავორიტები, მათ შორის, კოალიციური მოლაპარაკება წარიმართება იმის მიხედვით, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება.
ამ ეტაპზე ლოგიკურია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, თავისი ხედვა თქვან იმაზე, თუ რომელ პერსონებს უკავშირებენ ამა თუ იმ მიმართულებას ან მთლიანად ჩრდილოვანი კაბინეტი ჰქონდეთ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს კომპოზიცია შედგება იმის მიხედვით, ვინ რა წონას მოიპოვებს. „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პარტნიორებს, „თავისუფალ დემოკრატებს“, გვაქვს ამოცანა, რომ ამ კოალიციაში სიმძიმის ცენტრი ვიყოთ ჩვენ. ისევე როგორც სხვებს აქვთ ამოცანა, ისინი იყვნენ სიმძიმის ცენტრი“,- განაცხადა ბოკერიამ.