გიგა ბოკერია - 4 აპრილამდე დატვირთული გრაფიკი და რეგიონებში აქციები გვექნება
ოპოზიციას 4 აპრილამდე დატვირთული გრაფიკი ექნება, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“
„4 აპრილამდე პროცესი არ ჩერდება. იქამდე ოპოზიციის ლიდერები რეგიონებში გასვლას ვაპირებთ, რათა იმ ხალხს, ვინც პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართული არ არის, ვუთხრათ, რა ხედვა გვაქვს, როგორ უნდა მოვიშოროთ ეს პოლიტიკური ჭირი, რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ, რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტი და ა.შ. იქამდე პიკეტირებები გვექნება, რადგან პარლამენტში ივანიშვილის კლოუნების მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯები იგეგმება. ვგულისხმობ ჯერ შოთაძის და შემდეგ თადუმაძის დანიშვნას. ასე რომ, დატვირთული გრაფიკი იქნება და რეგიონული აქციებიც იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს, მაგრამ იმისთვისაც მზად არის, ხელისუფლება არსებულ სისტემაში დაამარცხოს.
„გამოვიყენებთ პროტესტს, მათ შევანჯღრევთ ლეგიტიმურად, ოღონდ მშვიდობიანად და გარე ზეწოლაც იქნება. არც ერთ შანსს არ გავუშვებთ, თუ ნორმალურობისკენ არის შანსი, მაგრამ ამ ცუდი სცენარისკენაც ვემზადებით არსებულ სისტემაში მათ დასამარცხებლად“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები იქნება არჩევნები, რომლითაც საზოგადოება პოლიტიკურ ჭირს მოიშორებს, ქვეყანა გადავა სისტემაზე, რომელიც თითქმის გამორიცხავს აბსოლუტურ ძალაუფლებას და უკონტროლობას და მართლმსაჯულებაზე კონსენსუსი იქნება.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რეაქციული შეხედულებების, ოპორტუნისტების, ფულისა და ძალაუფლების გარშემო გაერთიანებული ხალხის კონგლომერატია.
„აბა, ივანიშვილი რომ არ იყოს, ჩემი აზრით, ხვალ, მათი უდიდესი ნაწილი საერთოდ გაქრება პოლიტიკური ცხოვრებიდან“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას უთხრა, რომ არ არსებობს თამაშის წესები, ანგარიშვალდებულების შანსი, მეტ-ნაკლებად ნორმალური კონკურენცია და ოპოზიციური პარტიები სწორედ ამიტომ გაერთიანდნენ.
„ამიტომ მოხდა ეს, თორემ იმ მაგიდასთან ხალხს ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვს და ნორმალურ პირობებში, როცა ივანიშვილი აღარ იქნება, ჩვენ შორის კონკურენცია დაბრუნდება“, – განაცხადა ბოკერიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ მართავს პროცესს იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნებს მოუგებს, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ რა დოზით მოვა ხელისუფლებაში.
„ვთვლი, რომ ყველა შემთხვევაში ეს კოალიცია იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა არის მიხეილ სააკაშვილის პირადი შტაბი, დამოუკიდებელი თამაშის შემოთავაზება თუ ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს არაფერს ცვლის, რადგან ოპოზიციას აქვს საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო ფორმატი „ლეიბორისტულ პარტიაში“, სადაც ხალხი, რომელსაც ბევრ საკითხში ერთმანეთი არ მოსწონს, მნიშვნელოვან საკითხებზე კოორდინირებს.
„ეს უნდა იყოს ცივილიზებული ურთიერთობა პოლიტიკურ ძალებს შორის. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი არის კარგი. მადლობელი ვართ შალვა ნათელაშვილისა და მისი გუნდის, რომ ამას ძალიან კარგად, ძალიან კორექტულად მასპინძლობენ და ეს რატომ უნდა შეიცვალოს?! ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს. სხვას, ვისაც რა უნდა, რა შტაბიც უნდა, თავისთვის შექმნას, მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბოკერიამ.
შეკითხვაზე, როგორ სულდგმულობს დღევანდელ პარტნიორებს შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც იდეოლოგიას ხშირად იცვლიან, ბოკერიამ განაცხადა, რომ „ადამიანები იცვლებიან და გონიერები ხდებიან“.