ქვემოთ მოცემულ ფოტოზე GIF-ს ხედავთ, მას ხმა არ აქვს, თუმცა მოძრავი ელექტროგადამცემი ანძის ხმა მაინც გესმით. რატომ?
“პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობს ჩვენი გრძნობები”, – ამბობს ლონდონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორი ქრისტოფერ ფესინჯი. მისი თქმით, ეს არის სინესთეზიის ილუზიის მაგალითი, როდესაც სმენისა და მხედველობის გრძნობა ტვინში ერთმანეთს კვეთს. სწორედ ეს კვეთა გვაფიქრებინებს, რომ ფოტოზე ასახული მოძრაობის ხმა რეალურად გვესმის.
მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ გარშემორტყმული ვართ ისეთი მოძრაობებით, რომელსაც ლოგიკურად კონკრეტული ხმა უკავშირდება. ჩვენ ვხედავთ მოძრავ ბურთს ფოტოზე და გვგონია, რომ მისი ხმა გვესმის.
პიანისტი ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი მუსიკალურ ნოტებს ფერებთან აიგივებდა. მისი მეთოდის მიხედვით, თითოეული ნოტი კონკრეტულ ფერთან არის დაკავშირებული. ეს სინესთეზიის უჩვეულო მაგალითია, როდესაც ადამიანები მუსიკალურ ბგერებს კონკრეტულ ფერებს უკავშირებენ.
ქრისტოფერ ფესინჯის ლაბორატორია სწორედ მოძრავი სურათების მაგალითსა და მათ მიერ გამოცემულ ვირტუალურ ხმებზე ატარებს ექსპერიმენტებს.
მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა-სმენის სინესთეზია ბოლომდე არ არის შესწავლილი, ლაბორატორიული კვლევების მიხედვით დგინდება, რომ ადამიანების მინიმუმ 20% მოძრავ GIF-ს ხმასთან ერთად აღიქვამს. ეს დამოკიდებულია ადამიანების ტვინზე, რადგან ზოგიერთი მათგანი უფრო მგრძნობიარეა ილუზიების მიმართ, ვიდრე დანარჩენი.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხმა რეალურია, მაშინ როდესაც, ის არ არსებობს. ამ მოვლენას მეცნიერები “ხმის აზრს” უწოდებენ. ზემოთ მოცემული GIF კი, მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია.
ელექტროგადამცემი ანძის GIF-ის ისტორია კი ასეთია, ის “ტვიტერზე” ერთ-ერთმა მომხmარებელმა ატვირთა და სულ ცოტა ხანში, მოძრავი ფოტო პოპულარული გახდა. ადამიანები წერდნენ, რომ მათ მოძრაობის ხმა ესმოდათ. სინესთეზიის ილუზიის თემაც, სწორედ ამ დროიდან გახდა უფრო პოპულარული.
ასე რომ, მეცნიერების აზრით, ჩვენი გრძნობები ხშირად ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ მოძრავ ვიზუალს ხმაც უნდა ახლდეს.
წყარო: Theverge.com