რუსთაველის თეატრი და ახალი ქიმერიონი 26 ნოემბერს ახალ პროექტ „სინესთეზიას“ წარმოადგენს
რუსთაველის თეატრი და ახალი ქიმერიონი 26 ნოემბერს ახალ პროექტ „სინესთეზიას“ წარმოადგენს

რუსთაველის თეატრი და ახალი ქიმერიონი 26 ნოემბერს ახალ პროექტ „სინესთეზიას“ წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სინესთეზია” შემოქმედებითი პერფორმანსია, რომელიც ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკას აერთიანებს. პროექტი თანამედროვე არტისტების, ლევან სონღულაშვილის, ალექსანდრე კორძაიას, გიორგი ცაგარელისა და სანდრო ჩინჩალაძის შემოქმედებას აერთიანებს.

თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „სინესთეზია” ახალ ქიმერიონში, რუსთაველის თეატრის გვირაბში შესრულდება, ხოლო მაყურებელი ამავე თეატრის მცირე დარბაზში დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით, პირდაპირი ეთერით იხილავს.

„პროექტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რუსთაველის თეატრის განახლებული სივრცე, ახალი ქიმერიონი ანიჭებს, რომელიც თეატრის ქვედა ფოიეში, გვირაბში მდებარეობს. ამავე ადგილას 1919-20 წლებში არსებობდა არტისტული კაფე ,,ქიმერიონი’’, რომელიც თბილისური მოდერნიზმის განუყოფელი ნაწილი იყო და ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. კაფის კედლები მოხატეს – ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ, მოსე თოიძემ, სერგეი სუდეიკინმა, ზიგმუნდ ვალიშევსკიმ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.