გიდებს მუზეუმებში, ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე უფასო შესვლის უფლება ექნებათ, ასევე მათთვის სპეციალური პლატფორმა შეიქმნება
გიდები დაუღალავად შრომობენ და დიდი კონტრიბუცია შეაქვთ ტურისტულ ინდუსტრიაში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს სფერო ბოლომდე აღრიცხული არ არის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ სფეროში დასარეგულირებელია ხარისხის სტანდარტები, რაც თავად გიდების მოთხოვნაც არის.
„საბედნიეროდ, ამ სფეროში არსებობენ საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული და ორგანიზებული პროფესიული ასოციაციები, გიდების ასოციაციები, რომლებთანაც ახლა დავიწყეთ თანამშრომლობა, განსაკუთრებით ანტიკრიზისული გეგმის მომზადების პერიოდში. გუშინაც საკმაოდ ხანგრძლივი ონლაინდისკუსია გვქონდა გიდების ასოციაციასთან და გიდების წარმომადგენლებთან. არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. გაცილებით მარტივია, მივიღოთ გადაწყვეტილება იგივე სასტუმრო ინდუსტრიაზე ან ტურისტულ კომპანიებზე, რომლებიც მეტად ინსტიტუციონალიზებული, ლეგალიზებული და კარგად აღრიცხული სფეროა, გადასახადის გადამხდელი არიან და ვიცით, რომ შეღავათი კონკრეტულ გადასახადთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, შეთანხმდა, რომ გიდებთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით წარიმართება მუშაობა, არა მხოლოდ გადამზადების კუთხით.
მინისტრმა გიდების დასახმარებლად მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ხარისხის სერტიფიცირება ერთ-ერთი მთავარია, რაც ალბათ, ნებაყოფლობითი იქნება და თვითონ ასოციაციები გახდებიან ჩვენი თანამოაზრეები ამ საკითხში, ასევე არის მათი აღრიცხვის საკითხი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ეს ჯგუფი, ვის უნდა მივანიჭოთ გარკვეული პრეფერენციები და დახმარებები.
უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გიდებს მიეცემათ უფასო შესვლის უფლება მუზეუმებში, ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებზე, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. ასევე იმ პერიოდში, ვიდრე არ აღდგება ტურისტული აქტივობა ძველი მასშტაბით და ჯერ კიდევ იქნება გიდების დასაქმების პრობლემა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათთვის ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა შევქმნათ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მან განმარტა, ამ მიზნით სპეციალური პლატფორმა შეიქმნება.
„აქტიურად ჩავრთავთ გიდებს მათ შორის მიკრო გრანტების პროგრამაში, იგივე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, რომ შეძლონ თავიანთ საქმიანობასთან ახლოს მყოფი პროექტები წარადგინონ და ამაშიც ჩაერთონ. გადამზადება ერთ-ერთი კომპონენტია“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მეტი დეტალი ახლო მომავალში დაზუსტდება, რადგან კონკრეტულად გიდებზე მორგებული პროგრამის შეთავაზებისთვის აღნიშნული სეგმენტის უკეთ შესწავლაა საჭირო, რასაც დამატებით დრო სჭირდება.