გია ვოლსკი - ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ, არც ერთი მონაცემი არ არის ისეთი, რის გამოც შეიძლება, კანდიდატის სტატუსზე უარი ითქვას, თუ არა რაიმე პოლიტიკური მოსაზრება
გია ვოლსკი - ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრები ვიყოთ, არც ერთი მონაცემი არ არის ისეთი, რის გამოც შეიძლება, კანდიდატის სტატუსზე უარი ითქვას, თუ არა რაიმე პოლიტიკური მოსაზრება

ევროკავშირსაც შეიძლება, განსხვავებული პოზიციები ჰქონდეს, რაღაც ქვეყნების ჯგუფსაც, შესაბამისად, დაველოდოთ, რადგან ჩვენ ყველა მონაცემი და წინაპირობა გვაქვს, რათა ევროკავშირის ღირსეული წევრები ვიყოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთი მონაცემი არ არის ისეთი, რის გამოც ამ მძიმე პერიოდში საქართველოს შეიძლება, კანდიდატობის სტატუსზე უარი ეთქვას. ამასთან, როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საზოგოადოების უდიდესი ნაწილის სურვილია, იყოს ევროკავშირის შემადგენელი ნაწილი.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი თემა. ისე ვსაუბრობთ, გეგონება, ევროკავშირი გვინდა თუ არა, საქართველოში შიგნით უნდა გადაწყდეს და არ შეიძლება, ევროკავშირს თავისი პოზიცია ჰქონდეს. მსოფლიო დონის დაპირისპირება მიმდინარეობს, მათ შორის რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა და თუ ამ ვითარებიდან გამომდინარე ვითხოვთ ევროკავშირთან დაახლოებას, მის ქოლგას, ეს ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარეობს.

ევროკავშირსაც შეიძლება, განსხვავებული პოზიციები ჰქონდეს, რაღაც ქვეყნების ჯგუფსაც, შესაბამისად, დაველოდოთ, რადგან ჩვენ ყველა მონაცემი და წინაპირობა გვაქვს, რათა ევროკავშირის ღირსეული წევრები ვიყოთ. არც ერთი მონაცემი არ არის ისეთი, რის გამოც ამ მძიმე პერიოდში საქართველოს შეიძლება, კანდიდატობის სტატუსზე უარი ეთქვას, თუ არა რაიმე პოლიტიკური მოსაზრება, რასაც ევროკავშირის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება, ქმნიდეს. ჩვენ გვინდა წევრობის კანდიდატობა არა იმიტომ, რომ მეორე დღესვე წევრები გავხდებით, არამედ გვინდა ქოლგა, რომელსაც ევროკავშირი, როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას, გვთავაზობს. მე და თქვენ რომ გვინდა ევროკავშირის წევრობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირს არ შეიძლება ამაზე გარკვეული მოსაზრება ჰქონდეს, თუმცა თავად საზოგადოების უდიდესი ნაწილის სურვილია, იყოს ევროკავშირის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ავსტრიის კანცლერი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და მოლდოვა, თანამშრომლობასა და სრულფასოვან წევრობას შორის შუალედური ეტაპის ინიციატივით გამოვიდა.