გია ვოლსკი - წყალტუბოს განვითარების პროექტი გათვლილია საქართველოს მომავლისთვის
წყალტუბოს განვითარების პროექტი გათვლილია საქართველოს მომავლისთვის და ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის რუქაზე მყარად დამკვიდრების მიზნით გაკეთებული პროექტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, წყალტუბოს განვითარების პროექტი არ არის თემა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ დღევანდელ დღეს.
„მე მახსოვს საკმაოდ მწარე განცხადებები იყო აბასთუმანთან დაკავშირებით, რომ ეს ის უნიკალური ტერიტორიაა, რომელიც უნდა, რომ მიითვისოს და ტელესკოპის მითვისების მცდელობაც დააბრალეს. წყალტუბო ეს არ არის თემა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ ჩვენს დღევანდელ დღეს. ეს არის შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი, საქართველოს შემოსავლებისთვის და სამედიცინო ტურიზმის რუქაზე მყარი დამკვიდრების მიზნით გაკეთებული პროექტი. პენსიების მომატებასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, წინასაარჩევნოდ უნდათო, ჩვენ სულ საარჩევნო პროცესში ვართ და გამოდის, რომ ადამიანებმა ყველაფერზე ხელი უნდა აიღონ და მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრონ, რას იტყვის კაკო ბობოხიძე. ეს ის ხალხია, ვინც ლაპარაკობს, რომ ზღვას შეუცვალა კალაპოტი და ზღვა შემოიყვანა თავის ეზოში. ეს ის ხალხია, რომლებიც თავის ბუნებით არიან მავნებლურად განწყობილნი. საქართველო მუდმივია, ჩვენ არავინ მუდმივები არა ვართ. აი, ამ მუდმივ პრინციპებს უნდა ემსახურებოდეს ადამიანი, იმ რესურსებით, რაც აქვს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ცხოვრების კრედო და ახლა იმისთვის, რომ ბობოხიძემ რამე არ თქვას, კრედოს შეცვლას ნამდვილად არც ვურჩევთ და რომც ვურჩიოთ, არ შეცვლის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.