არ მომწონს ადამიანის დაჭერა, დაკავება, მაგრამ ამ საკითხს ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ვერ გადაწყვეტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეეხო თუ არა საუბარი გიგი უგულავას საქმეს აშშ-ის ახალ ელჩ კელი დეგნანთან აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ მიღებაზე, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი არ ჰქონიათ.
„ამერიკის შეერთებული შტატების სტილიც სხვაგვარია. აქ პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მილიონი მოიპარა, ფიქრობენ, რომ უნდა გაასაჩივრონ უზენაეს სასამართლოში და არ დატოვონ ისე. აქედან გამომდინარე ან მე ან შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, რა კომენტარი უნდა გააკეთოს. პოლიტიკური არის თუ არ არის პოლიტიკური ფიგურა, მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვები ვიცი, სამი-ოთხი კილო ჯართის მოპარვისთვის ხუთი და ექვსი წელი ახეხინეს ციხეები და ძალიან ვწუხვარ. არ მომწონს ადამიანის დაჭერა, დაკავება, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ვერ გადაწყვეტს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.