გია ვოლსკი - ევროპარლამენტიდან მისიას წინ არაფერი უნდა აღუდგეს, თუ „სახალხო პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტის რიგი წევრები ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ მმართველი გუნდის წინადადებას, რომ საქართველოში გიგი უგულავას საქმეზე ფაქტების დამდგენი მისია გამოიგზავნოს.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოში მისიის ჩამოსვლას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, გარდა პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, რომელიც შესაძლოა, „სახალხო პარტიამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთობლივად მიიღონ.
„დაყენებული იყო წინადადება, რომ ჩამოვიდეს ფაქტების დამდგენი მისია. ამ წინადადებას ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ რიგი ევროპარლამენტარები. ვფიქრობ, ამას წინ არაფერი უნდა აღუდგეს, თუ არა რაღაც შესაძლო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც „სახალხო პარტია“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად მიიღებენ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საქმეზე კითხვები გაჩნდა, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტს შესთავაზა, უგულავას საქმის შესასწავლად საქართველოში მისია გამოგზავნოს.