გია ვოლსკი - ვერ ვხედავ, რომ გიორგი მარგველაშვილს საფრთხე ემუქრებოდეს, თუ დაასაბუთებს დაცვის საჭიროებას, კვლავ დაენიშნება
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თუ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განაცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვა სჭირდება და ამას დაასაბუთებს, დაცვა კვლავ დაენიშნება.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, სახელმწიფო დაცვა არ არის თემა, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა უნდა ისაუბროს.
„მას გარკვეული პერიოდი ჰყავდა სახელმწიფო დაცვა. როგორც კი, დაცვის საჭიროებას განაცხადებს და დაასაბუთებს, კანონი დაცვის აღდგენას ითვალისწინებს და დაცვა აღუდგება, არამხოლოდ გიორგი მარგველაშვილს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ რამე საფრთხე ემუქრება. ვერ ვხედავ, რომ გიორგის საფრთხე ემუქრებოდეს. გარკვეული პერიოდი გავა და ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებითაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, თუ კანონის შესაბამისად არ იქნება დასტური იმაზე, რომ მის მიმართ რამე საფრთხე არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას დაცვა გაუუქმეს. „ეს იყო გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – წერს მარგველაშვილი.
პარლამენტმა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონი გასულ წელს მიიღო. ცვლილებები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ წარადგინა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება, დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.