გია ვოლსკი - ვერ ვიტყვით, რომ სიამტკბილობა გვაქვს, ან ლავროვმა ზარ-ზეიმი დასცა, დიალოგი რომ შედგა
ვერ ვიტყვით, რომ სიამტკბილობა გვაქვს ერთმანეთში, ან სერგეი ლავროვმა ზარზეიმი დასცა, რადგან დიალოგი შედგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
გია ვოლსკის თქმით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შინაარსი მისთვის გასაკვირი არ არის.
„ვერ წარმომიდგენია, რუსეთი ან მისი წარმომადგენელი, მით უმეტეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საუბრობდეს ისე, რომ ჩვენ გაგვიხარდეს. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ სიამტკბილობა გვაქვს ერთმანეთში, ანდა ლავროვმა ზარ-ზეიმი დასცა იმით, რომ მოლაპარაკება, თუ დიალოგი, ისიც ძალიან შეზღუდული ფორმატით, შედგა. ასე რომ, გასაკვირი ამაში არაფერია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა.
„ყურადღება მივაქციეთ ნიუ იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში ატეხილ ხმაურს. სამწუხაროდ, კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ კომენტარში.