გია ვოლსკი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა
გია ვოლსკი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა

ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა, მათ შორის თავისი მხარდამჭერების თვალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ასეთი ნაბიჯი მოსალოდნელიც იყო.

„ან ღირსეულად უნდა აღიარო, რომ დამარცხდი, შეცდომები გააანალიზო შორს გაიხედო და იფიქრო, რა შეგიძლია, უკეთესი მოუტანო, თუ რამე რესურსი დაგრჩენია საერთოდ, რაშიც ეჭვი მეპარება; ან უნდა გააკეთო განცხადება, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. აი, მეორე გზას გაყვნენ და ვფიქრობ, კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვეს, მათ შორის თავისი მხარდამჭერების თვალშიც და არ მგონია, რომ ბევრს ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება ასეთი უსაფუძვლო განცხადების მიმართ“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, მუშაობაა საჭირო და არა რიტორიკა, „მათ შორის აგრესიული რიტორიკა, რაც ვერ მოვაშლევინეთ „ნაციონალურ მოძრაობას“.

„არა, ჩვენ არ ველოდებით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რადგან ღირსეული იყო გამარჯვება, სწორი არის შეფასებები, კრიტიკაც არის, მაგრამ ამ კრიტიკის მიღმა არის გამარჯვებული საზოგადოება, რომელმაც უარი უთხრა იმ ბოროტებას, რისი მატარებლებიც არიან მთლიანად, მათ შორის ვაშაძეც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დღეს ფილარმონიაში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.