გია ვოლსკი - უნდა იცოდეს მთაწმინდის ამომრჩეველმა, რომ აირჩია კანდიდატი, რომელიც არის ყველას წარმომადგენელი
ჩვენი პირველადი მონაცემებით, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ გამარჯვებულია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურზე კომენტირებისას განაცხადა.
„ახლა ზარ-ზეიმი ამასთან დაკავშირებით მის განცხადებაში არ იყო საკმარისი. ეს განცხადება იყო საქმიანი. მინდა, დავადასტურო, წინასწარი მონაცემები მართლაც ასეთია და საფუძველი ამისა არსებობს. მინდა, ხაზი გავუსვა კიდევ ერთხელ, რაც კახას განცხადებაში იყო ხაზგასმული. თუკი ეს მონაცემები დადასტურდება და ვფიქრობ, დადასტურდება, უნდა იცოდეს მთაწმინდის ამომრჩეველმა, რომ აირჩია კანდიდატი, რომელიც არის ყველას წარმომადგენელი, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს. კიდევ ხაზგასმა მინდა, რომ მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ვინც მივიდა საარჩევნო ყუთთან და ასეთი იყო უმრავლესობა იმ საკონსტიტუციო ფარგლებში, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს ცალკეული პროვოცირების მიუხედავად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.