გია ვოლსკი - უკრაინული კანონის თარგმანი გავაკეთეთ და ვენეციის კომისიაში წარვადგინეთ, რაზეც კომისიას შენიშვნები აქვს, მზად ვართ, რეკომენდაციები გავიზიაროთ
უკრაინული კანონის თარგმანი გავაკეთეთ და ვენეციის კომისიაში წარვადგინეთ, რაზეც კომისიას შენიშვნები აქვს. მზად ვართ, რეკომენდაციები გავიზიაროთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის თქმით, თუ ვინ უნდა იყოს ოლიგარქად აღიარებული, კრიტერიუმები ზუსტად გაიწერება.
„ცალკეულ გვარებს ნუ განიხილავთ. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის თაობაზე არაფერი ვიცით. „ნაცმოძრაობა“ და მისი რუპორები ცდილობენ, ეს თემა შემოიტანონ და საკითხი გვარებზე გადაიტანონ, თუმცა ჩვენ მოგვისმენია კეზერაშვილის თვითაღიარება, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც აქვს, ბიზნესმენიც არის და პოლიტიკაზეც ფლობს გავლენას. ეს განცხადება მისგან მოვისმინეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.