გია ვოლსკი - უკრაინის თემით სპეკულირება არის „ნაცმოძრაობის“ საქმიანობის მთავარი მიმართულება, ამის შემადგენელი ნაწილი გახდა მარგველაშვილიც
საერთოდ, უკრაინის თემით სპეკულირება, პარაზიტობა არის „ნაცმოძრაობის“ საქმიანობის მთავარი მიმართულება, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ამის შემადგენელი ნაწილი გახდა მარგველაშვილიც, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით.
ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული გაწბილება იყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილება. მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გაწბილების გადაფარვას და საინფორმაციო სივრცეში გარკვეული ადგილის დაკავებას ცდილობს.
„საერთოდ, უკრაინის თემით სპეკულირება, უკრაინაში დაღვრილ სისხლზე და ცრემლზე, პარაზიტობა არის „ნაცმოძრაობის“ საქმიანობის მთავარი მიმართულება, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ამის შემადგენელი ნაწილი გახდა მარგველაშვილიც რომელიც მისი თქმით, ორი პრეზიდენტის სახელით არის ჩასული და საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერა გამოხატა ამითი უკრაინელი ხალხის მიმართ. თავად ის ფაქტი, რომ არ მონაწილეობენ დელეგაციაში, უკვე ბევრ რამეზე მოქმედებს. გადაწყვეტილება მიღებულია დიდი ხნის წინ, დესტაბილიზაცია და ახლა, ამ მიზნით უკრაინის თემის გამოყენება არის ის, რასაც ჩვენ ყველა ვადევნებთ თვალყურს „ნაცმოძრაობის“ საქმიანობაში.
ეს ჩუმი ჩასვლა დელეგაციასთან შეჯიბრი არ არის ამ შემთხვევაში, უფრო არის „ნაციონალური მოძრაობის„ სახე, რომელიც უკრაინაში ისე წარმოადგენს თავს თითქოს, ეგ იყოს განმაპირობებელი ყველა პროცესის. რასაკვირველია, სერიოზული გაწბილება მოყვა იმ გადაწყვეტილებას, რაც მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად ჩასვლასთან დაკავშირებით. ამ გაწბილების გადაფარვა, კვლავ საინფორმაციო სივრცეში გარკვეული ადგილის დაკავება – ეს იყო მიზანი, რისთვისაც ჩავიდნენ ისინი ამ გაუგებარ მარგველაშვილთან ერთად. სხვა ამას არაფერი არ ეწოდება. ფაქტია, რომ პარაზიტობა ამ თემაზე არის ჩვეულებრივი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი და ამ სტრატეგიის, ამ პროცესის მონაწილე გახდა მარგველაშვილიც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია, ნიკა მელია და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან.
„მე და სააკაშვილმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.