გია ვოლსკი - უკრაინის მიმართ პოლიტიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას არ შევწყვეტთ, უკრაინას საკმაოდ რთული დღეები უდგას იმისთვის, რომ მას პოლიტიკური დემარშებით დავუპირისპირდეთ
უკრაინის მიმართ არც პოლიტიკურ და არც სამართლებრივ მხარდაჭერას არ შევწყვეტთ, ჩვენი პოზიცია უცვლელია – უკრაინას საკმაოდ რთული დღეები უდგას იმისთვის, რომ მას პოლიტიკური დემარშებით დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, გრძელდება უკრაინის ხელმძღვანელობის ძალისხმევა, რათა საქართველო დაისაჯოს იმისთვის, რომ არ აკეთებს იმას, რაც მათ სჭირდებათ.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ყველანაირი კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნილია, რომ ვინმე სააკაშვილს აწამებს ან მოწამლულია, მაგრამ არ შენებულა ის ძალისხმევა, რაც უკრაინის ლიდერშიფს სულ ჰქონდა. ელჩი იმის გამო გაიწვიეს, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში არ ჩაერთო. ახლა ეს პროცესი კვლავ გრძელდება და სხვა სტადიაა. გრძელდება მათი ძალისხმევა, რათა საქართველო დაისაჯოს იმისათვის, რომ არ აკეთებს იმას, რაც უკრაინის ხელმძღვანელობას სჭირდება. სააკაშვილმა სხვა ფუნქცია იკისრა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინის მიმართ არც პოლიტიკურ და არც სამართლებრივ მხარდაჭერას არ შევწყვეტთ, ჩვენი პოზიცია უცვლელია – უკრაინას საკმაოდ რთული დღეები უდგას იმისათვის, რომ მას პოლიტიკური დემარშებით დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.