გია ვოლსკი - უკრაინის დაზვერვის სამსახურის მასალები არ შეესაბამება რეალობას და აქედან გამომდინარე, უკრაინის ავტორიტეტსაც გარკვეულ ჩრდილს აყენებს
გია ვოლსკი - უკრაინის დაზვერვის სამსახურის მასალები არ შეესაბამება რეალობას და აქედან გამომდინარე, უკრაინის ავტორიტეტსაც გარკვეულ ჩრდილს აყენებს

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მასალები არ შეესაბამება რეალობას და აქედან გამომდინარე, უკრაინის ავტორიტეტსაც გარკვეულ ჩრდილს აყენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ყველასთვის მთავარი საფიქრალი ის არის, როგორ განვითარდება მოვლენები და აღნიშნა, რომ საქართველო და ასევე მთელი მსოფლიო გარკვეულ შეთანხმებას ელოდება.

„არც ერთი გეოპოლიტიკური მიზანი არ შეესაბამება იმ ტკივილს, რაც უკრაინელმა ხალხმა განიცადა. რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში ჩვენი კრიტიკული შეფასებები მხოლოდ საქმიანია და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის რაიმე საპასუხო ისეთივე ხისტი განცხადებების გაკეთების რაღაც მიზანი და მცდელობა. ასეთი განცხადებები, რომელსაც არათუ საფუძველი არ აქვს, ძალიან ბევრ შეკითხვებს ბადებს. რასაკვირველია უკრაინასაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის, ვინაიდან მათი შეფასებები, ანალიტიკა, მით უმეტეს, დაზვერვის სამსახურის რაღაც მოკვლევის საფუძველზე გამოქვეყნებული მასალები, არ შეესაბამება რეალობას და აქედან გამომდინარე, უკრაინის ავტორიტეტსაც გარკვეულ ჩრდილს აყენებს. ასე რომ, ჩვენთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს რაიმე პოზიტიურ საპასუხო არგუმენტად ჩაითვალოს. ჩვენ უკრაინის ხალხს ვეხმარებით, ყველა პოლიტიკურ დონეზე ჩვენი პოზიცია არის ურყევი და რასაკვირველია, ეს ჰუმანიტარული დახმარება არც არავისთვის დასაყვედრებელი არ არის. ეს უნდა გაგრძელდეს. სიმართლე თავის გზას იპოვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.