გია ვოლსკი - უკიდურესად დამაზიანებლად ვაფასებთ ეკლესიაზე და პატრიარქზე შეტევას, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა
ეკლესიაზე და პატრიარქზე შეტევა სამარცხვინო და უკიდურესად დამაზიანებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატ ალქსანდრე ერქვანიას განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევაა.
„მე და ჩემი ბევრი კოლეგა ვართ ქრისტიანული, მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და რასაკვირველია, სამარცხვინო, უკიდურესად დამაზიანებლად ვაფასებთ იმას, რასაც ეკლესიაზე და პატრიარქზე შეტევა ჰქვია. განა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი განწყობაა ასეთი, როგორც მორწმუნეების, არამედ პრაგმატულადაც რომ შევაფასოთ, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა, რომელიც სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტის, ეკლესიის შერყევაზე არის ორიენტირებული. არანაკლებ დამაზიანებელია ის, რომ სახელმწიფოს სტრუქტურები, მთავრობა არასწორად, უსაფუძვლოდ დაუპირისპირო ეკლესიას, თითქოსდა, ხელისუფლებას გაკეთებული აქვს რამე ისეთი, რომელიც მიუღებელია არა მარტო ქრისტიანული მრევლისთვის, არამედ უამრავი სხვა კონფესიისთვის, რომლებიც პატივს სცემენ მთავარ რელიგიურ ორგანიზაციას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ეს სახელმწიფოებრივად გამართული პოზიცია არ არის.
„ეს არ არის სწორი, ეს არ არის სახელმწიფოებრივად გამართული პოზიცია და არც სასულიერო პირები იზიარებენ ამას. კი, წესები დაიცვეს, მიჰყვნენ ინსტრუქციებს, სხვაზე უკეთესად დაიცვეს და სწორედ ამან გადაარჩინა საზოგადოება, რომ არ ყოფილიყო ახალი პროპაგანდისტული ვაკხანალია. საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში და განსაკუთრებით გვაღელვებს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.