გია ვოლსკი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ ველზე პატარა საქართველოს გამარჯვებაა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა, საქართველოს გამარჯვებაა.
მისი თქმით, ამ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი გამოხატულება არ აქვს და ის სიმბოლურიცაა.
„ეს საკითხი სამართლებრივ ველზე პატარა საქართველოს გამარჯვების თემაა. ვფიქრობ, ამას მხოლოდ კონკრეტული სამართლებრივი გამოხატულება არ აქვს. ეს სიმბოლურიცაა, რადგან უნდა იყო მართალი და სწორ პოზიციაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოზიციები ჰააგის სასამართლოშიც ძლიერია.
„ვფიქრობ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოშიც საქართველოს პოზიციები საკმაოდ ძლიერია. პოლიტიკური ბრძოლის რესურსი ქვეყანას გააჩნია. მნიშვნელოვანწილად, ეს დღევანდელი ხელისუფლების და შესაბამისი სტრუქტურების, თუნდაც იუსტიციის სამინისტროს დამსახურებაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევს, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრო უნდა გადაუხადოს. „სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 19 მომჩივანიდან, ყველას მიმართ ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები დაარღვია“, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.