გია ვოლსკი სპეცოპერაციაზე - ნაადრევი განცხადებების გაკეთება, ფაციფუცი შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდეს
ნაადრევი განცხადებების გაკეთება, ფაციფუცი შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვინაიდან მიმდინარეობს ინტენსიური მოქმედებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სპეცოპერაციაზე კომენტირებისას განცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, სპეცოპერაციის საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციები უადგილოა.
“ამ კონკრეტულ შემთხვევაზე იმედი მაქვს, რომ ტექნიკური შესაძლებლობები და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური უწყებების გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება, რომ მალე მოვფინოთ ნათელი ყველა პროცესს და კომპეტენტური ანგარიშით წარვსდგეთ ხალხის წინაშე, იქნება ეს პარლამენტში დახურული, თუ ღია შეხვედრა. ნაადრევი განცხადებების გაკეთება, ფაციფუცი შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვინაიდან მიმდინარეობს ინტენსიური მოქმედებები, არა მარტო ამ კონკრეტული ფაქტის გამოძიებისა, არამედ სადაზვერვო საქმიანობა, სხვადასხვა უწყებებთან ურთიერთობები საზღვარგარეთ რათა დადგინდეს ქსელი, კავშირები და ასე შემდეგ. არაპროფესიონალი ხალხის განცხადებები მოისმინეთ. ვფიქრობ, ეს პოლიტიკური სპეკულაციები უადგილოა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.