გია ვოლსკი - სისხლიანი ხელებით ვინც მოვიდა და დღეს ოპოზიციის რადიკალური ფრთაა, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება, ამიტომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში ჩაუდგა ზურაბიშვილი
გია ვოლსკი - სისხლიანი ხელებით ვინც მოვიდა და დღეს ოპოზიციის რადიკალური ფრთაა, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება, ამიტომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში ჩაუდგა ზურაბიშვილი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში ჩაუდგა სალომე ზურაბიშვილი, რათა ახალგაზრდების გული დაიპყროს და ამ გზით ხელისუფლების სათავეებში მოვიდეს.

„სისხლიანი ხელებით ვინც მოვიდა და დღეს ოპოზიციაში რადიკალურ ფრთას წარმოადგენს, რასაკვირველია, ახალგაზრდებისთვის მისაღები არ იქნება, აქედან გამომდინარე, ახალი ლიდერი შეარჩიეს. საოცრებაა, მაგრამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სათავეში ჩაუდგა სწორედ სალომე ზურაბიშვილი, რათა ახალგაზრდების გული დაიპყროს და ახალგაზრდების კისერზე შემომჯდარი ხელისუფლების სათავეებში მოვიდეს. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ვოლსკის თქმით, ამ საკითხზე „ქართულ ოცნებაში“ არ უმსჯელიათ.

„„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვინ იქნება, ჯერ ვერ გეტყვით. ამ საკითხზე არ გვიმსჯელია. ბიძინა ივანიშვილი ღირსეული კაცია და რაც თავისი ქვეყნისთვის გაუკეთებია, არის მომავალის ბილიკები, რომელსაც ქვეყანა უკეთესობისკენ მიჰყავს. ამ ადამიანს უამრავი დამსახურება აქვს და მას ქვეყნის საწინააღმდეგოდ ნაბიჯები არ გადაუდგამს. ოპოზიციის დამოკიდებულება მის მიმართ უარყოფითი და ხისტია, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რაც შეეხება მის კანდიდატობას პრემიერად, პრეზიდენტად, რაზეც საუბრობენ, ეს შემოტანილი თემებია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.