გია ვოლსკი - ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ აღიარება თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა
გია ვოლსკი - ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სირიის მიერ აღიარება თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის მოსაზრებით, სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა.

როგორც პირველ არხს ვოლსკიმ განუცხადა, სირიის გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ ბაშარ ალ-ასადის სისტემა და რეჟიმი თავიდან ბოლომდე რუსეთზეა დამოკიდებული.

„მოსალოდნელი იყო, რომ სირია ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ პარლამენტსა და კომიტეტებში ამ საკითხის განხილვა მოხდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება პირდაპირ მიღებულია რუსეთის შუამდგომლობით. მეორე საკითხია, რომ რუსეთი თავის პოლიტიკურ ავტორიტეტს, ისედაც საკმაოდ დაზიანებულს, მძიმე მდგომარეობაში აყენებს. რეალურად, რუსეთის პოლიტიკური მიზანია, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი გარკვეულმა ქვეყნებმა  ცნონ. შემიძლია, დარწმუნებული ვიყო, რომ სირიაში არათუ ბაშარ ალ-ასადმა, არამედ მთელ სისტემაში ისეთი ადამიანი არ მოიძებნება, რომელმაც იცის, ან ამ კონფლიქტის ისტორია, ან შექმნილი ვითარება და მისი გადაწყვეტილება აქედან გამომდინარეობს. ეს თავიდან ბოლომდე რუსეთის ინიციატივაა. ამას ზეწოლასაც ვეღარ დავარქმევთ, ეს რუსეთზე დამოკიდებული ადამიანის გადაწყვეტილებაა. ეს ხელების ამოტრიალებით არ მოხდა, საკმარისი მიმართვა იყო და ისიც დააკმაყოფილებდა, მაგრამ სირია ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ განცხადებას არანაირად არ იღებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.