გია ვოლსკი - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლება საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს
გია ვოლსკი - საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლება საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს „მაუწყებლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნების განხილვის ვადა 6-დან 26 თებერვლამდე აქვს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, თებერვლის განმავლობაში, საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს და მმართველი გუნდი ჩამოყალიბდება, პლენარულ სხდომაზე როდის მოხდება ცვლილებების განხილვა.

„ამ განხილვების დროს შევეცდებით, ჩვენი არგუმენტები კიდევ ერთხელ წარმოვადგინოთ იმის შესახებ, რომ კომერციული რეკლამა პრაიმ-ტაიმში და შაბათ-კვირას განთავსებული არ არის. საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის უფლება რომ ჰქონდეს, ეს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს, რათა კრიტიკული და ტექნიკურად გამართული ტელევიზია იყოს, რომელიც საზოგადოებას სჭირდება და არა რომელიმე პარტიას”,- განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს 15 იანვარს ვეტო დაადო.