გია ვოლსკი - საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელმაც შექმნა კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ ევროინტეგრაცია საჭირო და აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადება, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობები ჩანს, არასწორია.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საზოგადოების უმრავლესობა და უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია ევროინტეგრაციის პროცესის მიზანზე.
„საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანაში არჩევნების გზით მოვიდა და სწორედ ამ ხელისუფლების მიერ არის შექმნილი ის კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ ეს მიმართულება მთავარია, საჭიროა, აუცილებელი განვითარებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. არსებობს კიდევ მეორე ძალა – რადიკალური ოპოზიციის ხაზით, რომელიც ცდილობს, ამ გზიდან აგვაცილოს და საომარ მოქმედებებში ჩართულობის რეჟიმში გადაგვიყვანოს. ეს არის ფაქტი. თუ ამ ფაქტს სიღრმისეულად შევაფასებთ და ანალიზს გავუკეთებთ, მივხვდებით, სად არის სიმართლე განცხადებებში და სად – სიცრუე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა. ამასთან, უწყებამ ანალენა ბერბოკის კომენტარიც გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს: „ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს, ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გახდეს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“.