გია ვოლსკი - საზოგადოება ზუსტად აფასებს პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და აქედან გამომდინარე, თავის პოზიციასაც გამოხატავს
ვერ ვიტყოდი, რომ კვლევებზე დაყრდნობით მიმდინარეობს მსჯელობა პარტიასა და ხელისუფლებაში, ვინაიდან კვლევებმა, რომელსაც ატარებენ IRI, NDI და სხვები საველე ორგანიზაციების დახმარებით, წლების განმავლობაში საზოგადოების ნდობა დაკარგეს, ეს არის ის რითაც შეიძლება, ვიხელმძღვანელოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ზუსტად აფასებს პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე.
„ის, რომ მმართველ პარტიას ორჯერ მეტი აქვს ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოებაში, ვიდრე თუნდაც რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც არაერთი პრობლემა, რომელიც ქვეყანას აწუხებს და ამა თუ იმ კვლევაში ამოტივტივდება ხშირ შემთხვევაში გარკვეული კონიუქტურული საფუძვლით. საზოგადოება ზუსტად აფასებს პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და აქედან გამომდინარე, თავის პოზიციასაც გამოხატავს. თუმცა, ბევრია ისეთი, რომელიც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს და ქვეყნის წინაშე ამ გამოწვევებს პასუხობს, თუნდაც პარტიების მიმართ უნდობლობის გამოხატვით. ერთია კიდევ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოების უდიდესი რაოდენობა მხარს უჭერს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნებისა, საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია ერთიანია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ დამოკიდებულების შექმნაში „ქართულ ოცნებას“ ლომის წილი მიუძღვის. 2012 წლიდან მოყოლებული საზოგადოებას აჩვენა, რომ ევროატლანტიკური სივრცე არ არის ის სივრცე, სადაც შეიძლება ადამიანის წამება და უფლებების დარღვევა იყოს მხარდაჭერილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გია ვოლსკის განცხადებით, IRI- ის მიერ დაქირავებული ორგანიზაციისთვის დამახასიათებელია კვლევა, რომელიც გარკვეულ სიმართლეს ამბობს, თუნდაც პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით, მაგრამ სრულ სიმართლეს არა.
„34 პროცენტიდან შეიძლება, ნახევარს ან მეტს ჰგონია, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება, გამოსავალი იყოს და სტაბილურობა მოიტანოს, ესეც რეალობაა, ბევრს ჰგონია მართლაც, მაგრამ არ მგონია ამდენი იყოს. მგონია, რომ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება არის ის ამოცანა, რასაც ასეთი კვლევები ეყრდნობა. ვერანაირ სტაბილურობას ვადამდელი არჩევნები საქართველოს ვერ მოუტანს. არ შეიძლება ვადამდელმა არჩევნებმა თუ ამის გარემოებები არ არსებობს, სტაბილურობა მოიტანოს, პირიქით, ასეთი დაპირისპირების პირობებში ვადამდელ არჩევნებზე საუბარი სწორედ ის არის, რომელიც დესტაბილიზაციის მომხრეებს შეიძლება, აწყობდეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.