გია ვოლსკი - სასამართლოზე შეტევის გაგრძელება აინტერესებს სავალალო ოპოზიციას, როდესაც მობილიზებული ხარ, დესტაბილიზაცია მოახდინო და სასამართლოა შეტევის ობიექტი, პასუხი უნდა გაეცეს
გია ვოლსკი - სასამართლოზე შეტევის გაგრძელება აინტერესებს სავალალო ოპოზიციას, როდესაც მობილიზებული ხარ, დესტაბილიზაცია მოახდინო და სასამართლოა შეტევის ობიექტი, პასუხი უნდა გაეცეს

სასამართლოზე შეტევა რომ გაგრძელდეს, არის თემა, რომელიც აინტერესებს ჩვენ სავალალო ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, კვლევები მოწმობს, რომ საქართველოს სასამართლო ევროკავშირის ფორმატში მოწინავე პოზიციებზეა.

„სურათი საკმაოდ მკაფიოდ ჩამოყალიბდა. ეს არ არის სურვილი, რომ მოიკვლიონ რაიმე დანაშაული ან დანაშაულის წყარო, რომელიც სასამართლოში არსებობს. ვინაიდან, ერთის მხრივ, ასეთი ფაქტები არ არის და, მეორე მხრივ, გამოქვეყნებული ფუნდამენტური კვლევები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს კვლევები მოწმობს, რომ საქართველოს სასამართლო ევროკავშირის ფორმატში მოწინავე პოზიციებზეა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას და ნატო-ს წევრ ქვეყნებს უსწრებს მონაცემებით. ფუნდამენტურ კვლევები ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების სისტემა შესწავლილია, უამრავ კითხვას გაეცა პასუხი, კონკრეტული ფაქტებია აღებული და დასკვნები ამ ფაქტების საფუძველზეა გაკეთებული. სასამართლოზე შეტევის პროცესი რომ გაგრძელდეს, არის თემა, რომელიც აინტერესებს ჩვენ სავალალო ოპოზიციას. თუკი რეფორმის რაიმე მიმართულება, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, არ არის მისაღები და უკეთესი მოსაზრებები აქვთ, შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტი არსებობს. როდესაც მუშაობა არ გინდა, მხოლოდ მობილიზებული ხარ, რომ რაღაც დესტაბილიზაცია მოახდინო და სასამართლოა  შეტევის ერთ-ერთი ობიექტი, ამას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ თუ არ დავრეგისტრირდით, არ ნიშნავს, რომ რაღაცის შიშს აქვს ადგილი. თუ რაიმე ფაქტი არსებობს, რა შიშზეა საუბარი, ფაქტზე რეაგირება უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭი სამჯერ ვერ უყარეს.