გია ვოლსკი - საქართველოში კორონავირუსის დასადგენად სწრაფი ტესტები შემოვა და პროფესიონალურად იქნება გამოყენებული
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დასადგენად სწრაფი ტესტები შემოვა და პროფესიონალურად იქნება გამოყენებული.
გია ვოლსკი ქვეყანაში ტესტების შემოტანის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ვითარების დამძიმებას და გარკვეული ნეგატიური პროცესების განვითარებას ელოდება, მაგრამ სახელმწიფო რესურსები გამართულად, სრული ძალით და ეფექტურად რომ მუშაობს, ამას მსოფლიო აღიარებს.
„რაც შეეხება ტესტების ჩამოტანას, თუ ვინმეს კომერციული ინტერესი აქვს, პირდაპირ გვითხრან და დაასაბუთონ. მსოფლიო დონის ექსპერტები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს არის სახელმწიფოს პრეროგატივა, რომელიც ისე მოიქცევა, რომ საქართველოში შესაძლებლობა იქნება ხარისხიანი ტესტების ჩატარების. ტესტი არ არის პანაცეა, ტესტი იქნება შემოტანილი, იქნება ხარისხიანი და პროფესიონალურად გამოყენებული. რაც შეეხება მოსახლეობის გაფრთხილებასა და აგიტაციას, ხვალ, ნებისმიერმა ადამიანმა წესები რომ დაარღვიოს, არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, თითოეულ მოქალაქეს კუდში გაჰყვეს და მისი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი შეამოწმოს. აზერბაიჯანელი იქნება, ქართველი, სომეხი თუ ნებისმიერი სხვა ჩვენი მოქალაქე, პასუხისმგებლობა ერთნაირად არის განსაზღვრული. კონკრეტულმა ადამიანმა რთული სიტუაცია შექმნა. თბილისშიც ბევრ ხალხს ვხედავ, ვისაც ჰგონია, რომ არაფერი დაემართება და თუ ცოტა სიცხე აქვს, ან ურთიერთობებში იმაზე შორს წავიდა, ვიდრე რეკომენდირებულია, მიიჩნევს რომ ამით არაფერი დაშავდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.