გია ვოლსკი - საქართველოში არ არსებობს და ვერც იარსებებს სანქცირებული საქონელი ან რაიმე „შავი ხვრელი“, რაზეც ჩვენი ე.წ. მოყვარეები საუბრობენ
საქართველოში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს სანქციების გვერდის ავლით, ასეთი არ და ვერ განხორციელდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.
როგორც გია ვოლსკი ამბობს, ზოგადი საუბრის ნაცვლად, უკრაინის სამხედრო დაზვერვას რამე მტკიცებულება თუ აქვს, უნდა წარმოადგინოს.
„უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე შემიძლია, უკრაინელ ხალხს, ვინც ამ დეზინფორმაციას უსმენს, ერთი რამ დარწმუნებით ვუთხრა, რომ საქართველოში არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს სანქციების გვერდის ავლით. ასეთი არ და ვერ განხორციელდება. არც საქონელი და არც ბიზნესი, რომელსაც გარკვეული სანქცია ადევს, საქართველოს გავლით არ მოხდება არც ერთ ბაზარზე. დაზვერვას დამატებითი ინფორმაცია თუ აქვს და იმაზე მეტი იცის, ვიდრე ვამბობ, მაშინ წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, კონკრეტული მასალები და არა ზოგადი საუბარი. რა ხდება აზერბაიჯანსა და სომხეთთან დაკავშირებით, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება, ბიზნესი საქმიანობს, ვერ ვეტყვით, რამდენი კომპანიაა და როდის არის რეგისტრირებული, მაგრამ სანქცირებული ბიზნესი, სანქცირებული საქონელი და სანქცირებული ბიზნესმენი, ან რაიმე „შავი ხვრელი“, რაზეც ინტენსიურად საუბრობენ ჩვენი ე.წ. მოყვარეები, საქართველოში არ არსებობს და ვერც იარსებებს, ასეთი სურვილი ვინმეს რომც გაუჩნდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.