გია ვოლსკი - საქართველოს საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს ევროპულ და მსოფლიო ფორმატში, შესაბამისად, წარმატებული შუამავალი იქნებოდა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის
საქართველოს საკმაოდ მაღალი ავტორიტეტი აქვს ევროპულ და მსოფლიო ფორმატში ტერიტორიულადაც, ისტორიულადაც და ტრადიციებითაც. შესაბამისად, წარმატებული შუამავალი იქნებოდა აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში უნდა იყოს მშვიდობა.
„მთავარია, ამ ორ ქვეყანასა და მათ ლიდერებს უნდოდეთ საქართველოს რესურსის გამოყენება ამ მიმართულებით. ეს რესურსი შეუდარებლად მაღალია და ამის გამოყენება წარმატებული იქნება, თუ ეს ასე გადაწყდება. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა უნდა იყოს, ჩვენს ოჯახებს მშვიდობა სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გუშინ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური“. ამასთან, ერთობლივი განცხადებების დროს, ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც წარიმართება სამმხრივი თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით“. ალიევმა ასევე განაცხადა: „მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში“.