ირაკლი ღარიბაშვილი - სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური
ირაკლი ღარიბაშვილი - სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები, ჩვენი შემდგომი განვითარება, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და, ზოგადად, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომელიც საკმაოდ დაძაბულია მთელ მსოფლიოში. მე ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მადლიერია აზერბაიჯანის, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„მადლიერები ვართ, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მტკიცედ უწერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე, დიდი იმედი, მინდა, გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. ამ საკითხში სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის – სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, აზერბაიჯანისთვის, ქართველების და საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა მიუკერძოებელი, ნეიტრალური პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, ფასილიტაციის თუ, ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბებაში. თბილისი ყოველთვის მზად არის, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.