გია ვოლსკი - საქართველოს ელჩი როცა გაგყავს პოლიტიკური შეტევით, თემაა დესტაბილიზაცია და იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც საომარ მოქმედებებში ჩაერთვება, ეს თემა ისევ აქტუალური გახდა
როცა საქართველოს ელჩი გაგყავს ასეთი ინტენსიური პოლიტიკური შეტევით, მათ შორის, ოპოზიციის მიტინგზე გამოსვლით, რომ ხელისუფლება სხვა არის და ხალხი სხვა, რასაკვირველია, თემა არის დესტაბილიზაცია და იმ ხელისუფლების მოყვანა, რომელიც რეალურად ჩაერთვება საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს თემა ისევ აქტუალური გახდა, სხვა ახსნა ამ რეალობას არ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მისი პირადი აზრით, საქართველომ უკრაინას ნაკლები სიმწვავის დემარშით უნდა უპასუხოს.
„ჩვენი ინტერესებისთვის ეს აბსოლუტურად შესატყვისია. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინაში ყოველდღე უამრავი ადამიანი, ბავშვი, ქალი და სამოქალაქო პირი იღუპება. ჩვენ მათ ვეხმარებით, რაც შეგვიძლია. ახლახან უამრავი ბავშვი ჩამოვიყვანეთ არდადეგებზე. აქ უკრაინელები ცხოვრობენ და აქვთ რესურსი იმისთვის, რომ გადარჩნენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ, სავარაუდოდ, ხელისუფლება კიევის ულტიმატუმს არ შეასრულებს და სააკაშვილს არ გაათავისუფლებს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი საქართველოს ინტერესების დასაცავად და იქნება თუ არა ეს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ჭკვიანურად უნდა იმოქმედოს, რათა ქვეყანა აარიდოს ჯახს, რომელიც მიმდინარეობს.
„პირდაპირ საუბრობენ, ხომ? რატომ გააქრეს ვანო მერაბიშვილი, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა დროშით ხელში, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში, რომ ძალიან ცუდია, უკრაინის რომ არ ვუჭერთ ასე მხარს. ანუ, სიგნალი მისცა, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, მოვალთ და ამას გავაკეთებთო. აქეთ სააკაშვილი, რომელიც, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავდა კეზერაშვილს, რომ მას თავისი როლი უნდა ეთამაშა, მომაკვდავის, და შეიკრა წრე – აქეთ უკრაინა, რომელმაც ელჩი გაიყვანა საერთოდ გასაგები, მაგრამ გაუგებარი მიზეზით და იქით ევროპა, რომელიც ორჭოფობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, დღევანდელი მსოფლიო პრაგმატიზმით და საკმაოდ ცივსისხლიანი, ხშირ შემთხვევაში ხისტი პრაგმატიზმით ხასიათდება.
„ყველას საკუთარი ინტერესები გააჩნია. საკუთარი ინტერესები გააჩნია უკრაინასაც, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და, რასაკვირველია, ამ დაპირისპირებაში საქართველოს ხისტი მონაწილეობა მისთვის იქნებოდა გარკვეული, ასე ვთქვათ, შეშველება. რუსეთს საკმაოდ ბევრ პრობლემას შევუქმნიდით, მაგრამ ჩვენ, პრაქტიკულად, გინდ ეკონომიკურად და გინდ ფიზიკურად, ძალიან დიდი ხნით ბნელი მომავალი დაგვიდგებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რა ინტერესი აქვს ევროპას რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებაში და რატომ უნდა მიიღონ საქართველო ევროკავშირში, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით არის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელიც მომავლის მსოფლიოს ერთმანეთთან აერთებს და მის მიმართ ინტერესი ბუნებრივია, ევროპას კი სურს, საქართველოს ევროპული პოლიტიკური სისტემა ჰქონდეს, რაც საქართველოს და ევროპას მმართველობის ერთნაირ ფორმატში აქცევს.
ამასთან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი დიდი უპირატესობაა, თუმცა, ამასთან, არის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანას ავალებს, როცა საქმე ჯახზე მიდგება, გაცილებით ჭკვიანური პოლიტიკა აწარმოოს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.